Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო: კრემლის ძლიერმა წნეხმა უარყოფითად იმოქმედა არჩევნებზე


რუსეთის დუმის არჩევნებზე ეუთოს სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა, ილკა კანერვამ განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფო მედიაზე კრემლის ძლიერმა წნეხმა უარყოფითად იმოქმედა არჩევნებზე და რუსეთის ხალხს არ მიეცა „განსხვავებული ალტენატივები“. ეუთოს მეთვალყურეებმა ამასთან განაცხადეს, რომ დუმის არჩევნებზე გამჭვირვალობის და ნდობის დონე გაიზარდა, თუმცა დასძინეს, რომ საკანონმდებლო შეზღუდვები პრობლემად რჩება. რუსეთის მმართველმა პარტიამ, „ედინაია როსიამ“ სრული უმრავლესობა მოიპოვა ახალი, მე-7 მოწვევის პარლამენტში. 18 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, რომლებიც ბიულეტენების 93%-ის მონაცემებს ეფუძნება, პრეზიდენტ პუტინის პარტიას ხმების 54,28% აქვს. მეორე ადგილზეა კომუნისტური პარტია 13,45%-ით, მესამეზე ჟირინოვსკის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, 13,24%-ით და მეოთხეზე პარტია „სპრავედლივაია როსია,“ ხმების 6,17%-ით. სწორედ ეს 4 პარტია იყო წარმოდგენილი წინა მოწვევის პარლამენტშიც. წინასწარი შედეგებით, დუმის არჩევნებში მონაწილე სხვა სუბიექტებმა პარტიული სიებით ვერ გადალახეს 5%-იანი ბარიერი, თუმცა ორ მათგანს, „როდინას“ და „სამოქალაქო პლატფორმას“ პარლამენტში ერთმანდატიანი ოლქებიდან ეყოლება თითო დეპუტატი. დუმის არჩევნების წინასწარი შედეგებით, 225 ერთმანდატიანი ოლქიდან 203-ში გაიმარჯვეს მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“ კანდიდატებმა. რუსეთის მე-7 მოწვევის პარლამენტის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა. 225 დეპუტატი პარტიული სიით აირჩიეს და ამდენივე ერთმანდატიან ოლქებში. რუსეთის ცსკ-ის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 47,81% შეადგინა.

XS
SM
MD
LG