Accessibility links

გაერომ შეაჩერა ჰუმანიტარული ოპერაციები სირიაში


გაერომ შეწყვიტა სირიაში ჰუმანიტარული დახმარების ავტოკოლონების გაგზავნა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ავტოკოლონაზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალეპოს მახლობლად. სირიელი აქტივისტების მონაცემებით, იერიშმა, სულ ცოტა, 12 ადამიანი შეიწირა. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა ფედერაციის პრესმდივანმა, ბენუა კარპენტიემ „მიუღებელი“ უწოდა ჰუმანიტარულ მისიაზე თავდასხმას: „გუშინდელი თავდასხმა არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა და ის მიუღებელია! ჰუმანიტარული მისიის მუშაკებისა და სტრუქტურების დაუცველობას შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს ქვეყანაში მიმდინარე ჰუმანიტარული ოპერაციებისათვის, რაც მილიონობით ადამიანს დატოვებს მათ გადასარჩენად აუცილებელი დახმარების გარეშე“, განაცხადა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების წარმომადგენელმა 20 სექტემბერს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე. ხოლო გაეროს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის პრესმდივნის, იენს ლერკეს განცხადებით, სირიაში ჰუმანიტარული ოპერაციები შეჩერებულია, სანამ მიმდინარეობს უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების შემოწმება. აშშ-ის მთავრობამ „აღშფოთება“ გამოხატა ჰუმანიტარული დახმარების ავტოკოლონაზე 19 სექტემბერს მოწყობილი თავდასხმის გამო. ნათელი არ არის, რომელი მხარის საჰაერო ძალებმა განახორციელეს იერიში, რომელიც მოეწყო მას შემდეგ, რაც სირიის სამხედრო წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ დასრულდა ერთი კვირით ადრე ძალაში შესული ზავი. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსი სამხედროები ამჟამად ამოწმებენ ინფორმაციას საჰაერო დარტყმის შესახებ.

XS
SM
MD
LG