Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

იმერეთი საშემოდგომო პრობლემებით


ვენახი იმერეთში
ვენახი იმერეთში

იმერეთის მუნიციპალიტეტებში, საშემოდგომო სამუშაოების დაწყებისა და მოსავლის აღების პარალელურად, ფერმერები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომლებიც პროდუქციის კარგი ხარისხით და დიდი რაოდენობით მიღებაში უშლით ხელს. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების არაორგანიზება, მექანიზაციის არარსებობა, გადამამუშავებელი საწარმოებისა და ხარისხიანი სათესლე მასალის ნაკლებობა, შხამქიმიკატების დაბალი ხარისხი, მელიორაციიის არარსებობა, პროდუქციის საჭიროების კვლევა და გასაღების ბაზრის მოძიება ფერმერებისთვის გადაუწყვეტელ პრობლემებად რჩება. სერვისპროვაიდერი ზურაბ ქართველიშვილი პრობლემების მიზეზად დაბალ აგროკულტურას ასახელებს. მისივე თქმით, სოფლად მცხოვრები ფერმერებისთვის დადებითი პრეცედენტების შექმნა და გადამზადებაა აუცილებელი. ზურაბ ქართველიშვილის აზრით, მოსავლიანობის გაზრდისა და ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად საჭიროა ყველა პროცესის ორგანიზება - მიწის დამუშავებით დაწყებული, მოსავლის აღებითა და პროდუქციის გასაღებით დამთავრებული.

იმერეთი საშემოდგომო პრობლემებით
please wait

No media source currently available

0:00 0:03:40 0:00
გადმოწერა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოქმედი კოოპერატივ „საჩინოს“ წარმომადგენლის, მინდია ქავთარაძის, აზრით, აუცილებელია მცირემიწიანმა ფერმერებმა მიწები გააერთიანონ და კოოპერატივები ჩამოაყალიბონ, რაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ოდენობას და, შესაბამისად, დოვლათს გაზრდის.

მცირემიწიანი ფერმერები, რომლებსაც კუთვნილ ნაკვეთებზე ვაზის ავთენტური ჯიშები აქვთ გაშენებული და წლების განმავლობაში ტრადიციული მეთოდებით აწარმოებენ ღვინოს, სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას საჭიროებენ, ამბობს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის მცხოვრები ამბაკო გიორგაძე. ფერმერის თქმით, ციცქას და ცოლიკაურის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას სახელმწიფო, გასული წლების მსგავსად, არც წელს ახდენს, რაც იმერეთის მხარეში მცხოვრებ მევენახეებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

იმერეთის იმ სოფლებში, რომლებშიც მევენახეობა წლების მანძილზე სოფლის მეურნეობის ძირითად დარგს წარმოადგენდა, ადგილობრივების თქმით, ვენახის აჭრა და თხილის მოშენება დაიწყეს. როგორც მევენახეები ამბობენ, სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე ყურძნის მოყვანა და რეალიზაცია ძალიან უჭირთ, ამას ხშირად უამინდობა და ძლიერი სიცხეები ემატება, რაც მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს. ყურძნის ის ჯიშები, რომლებიც იმერეთშია გავრცელებული, გასული წლების მსგავსად, მიმდინარე წელსაც ვერ მოხვდა სახელმწიფო სუბსიდირების ნუსხაში. თუ რა ფასი ექნება იმერულ ციცქას, ცოლიკაურს, ალადასტურს, კრახუნასა და ძველშავს, მევენახეებმა ჯერ არ იციან, თუმცა იხსენებენ, რომ გასულ წელს, მოსავლის სიმცირის გამო, 1 კგ ცოლიკაურის ფასი ბაზარზე 1,20 ლარიდან 1,50 ლარამდე მერყეობდა, შედარებით იშვიათი ვაზის ჯიშის, კრახუნას, ყურძენი კი 2 ლარი ღირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG