Accessibility links

logo-print

გიორგი კვირიკაშვილი: დადგა დრო, რომ მორალური მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს


დადგა დრო, რომ მორალური მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს - ამის შესახებ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს 20% დღესაც ოკუპირებულია უცხო ქვეყნის ჯარების მიერ და ასიათასობით ადამიანს არ აძლევენ შინ დაბრუნების უფლებას. „ჩვენ მადლობას მოგახსენებთ იმ მორალური მხარდაჭერისათვის, რომელიც ასახულია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. დადგა დრო, რომ ეს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ოკუპანტების მიერ აღმართული მავთულხლართები და გამყოფი კონსტრუქციები ერთმანეთს აშორებს ქართულ ოჯახებსა და თემებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა განიცდის მუდმივ დისკრიმინაციას და უფლებათა უხეშ დარღვევას, შეზღუდულია გადაადგილებისა და საკუთრების უფლებები და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობაც კი არ აქვთ. „მე ვგმობ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარების ფაქტს, როგორც მოსკოვის მხრიდან ანექსიის გამიზნული პოლიტიკის ფარგლებში გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ხდება საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის არარსებობის პირობებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეზღუდული საქმიანობის ჩათვლით, რადგან მას უარი ეთქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლაზე. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებია ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ მემკვიდრეობით მიიღო. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო ცდილობს რუსეთთან დაამყაროს ისეთი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება რეალური მუშაობა და დაძაბულობის შესამსუბუქებლად გარკვეულ შედეგებსაც მიაღწია, თუმცა საქართველოს ყველა ნაბიჯს ჯერ არ მოჰყოლია საპასუხო მოქმედება და რუსეთი განაგრძობს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წელს მიღწეული შეთანხმების დარღვევას. „კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც მოახდენს რეაგირებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებთა პრობლემებზე, ძალისხმევას კვლავაც მიმართავს ნდობის აღდგენისა და შერიგებისკენ და გააერთიანებს საოკუპაციო ხაზით ერთმანეთისგან იძულებით დაშორებულ მოსახლეობას. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს გახდის ევროპული დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა სარგებელსა და ეკონომიკურ შესაძლებლობას.

XS
SM
MD
LG