Accessibility links

logo-print

სირიაში მძიმედ დაიბომბა ქალაქ ალეპოს რაიონები, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებენ


სირიელი აქტივისტების ინფორმაციით, მძიმედ დაიბომბა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალეპოს რაიონები, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. ადგილობრივი ექიმის თანახმად, დაიღუპა 45 ადამიანი. ლონდონში დაფუძნებულმა ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ“ 22 სექტემბერს გაავრცელა ცნობა, რომ წუხელ საჰაერო თავდასხმების შედეგად ალეპოში ძლიერი ხანძრები გაჩნდა. ნათელი არ არის, ვინ მოაწყო ავიაიერიშები, მაგრამ აქტივისტები სირიის მთავრობასა და რუსეთს ადანაშაულებენ. თავდასხმას ინტენსიური შეტაკებები მოჰყვა. მიმდინარე კვირაში სირიაში ჩაშლის პირას მივიდა ზავი, რომელიც ვაშინგტონისა და მოსკოვის შუამავლობით იქნა მიღწეული. 21 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას ფრენისათვის აკრძალული ზონა ჩრდილოეთ სირიის ზოგ ნაწილში. „არსებობს ერთადერთი არჩევანი: მაგიდასთან დასხდომა სირიის საკითხებში გაეროს საგანგებო წარმომადგენელთან, სტაფან დე მისტურასთან ერთად, რაც ნიშნავს მუშაობას მოსალაპარაკებლად და ზავის მისაღწევად, რათა შევაჩეროთ ლტოლვილების ტალღა, ბოლო მოვუღოთ ტანჯვას და სირიის ხალხს მივცეთ სუნთქვის, სიცოცხლის შესაძლებლობა“, - განაცხადა ჯონ კერიმ. მანამდე თეთრმა სახლმა ღიად დაადანაშაულა მოსკოვი საჰაერო თავდასხმაში, რომლის შედეგადაც ალეპოსთან 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ჰუმანიტარული ავტოკოლონის მანქანები განადგურდა. მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებას.

XS
SM
MD
LG