Accessibility links

logo-print

ერდოანი: სირიელ ქურთ მებრძოლებს ვაშინგტონი იარაღით ამარაგებს


თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი აშშ-ს ადანაშაულებს სირიელი ქურთი მებრძოლებისთვის დამატებითი იარაღის გაგზავნაში - მიუხედავად ანკარის არაერთი განცხადებისა, რომ ისინი „ტერორისტულ“ ორგანიზაციას წარმოადგენენ. ერდოანმა 22 სექტემბერს გვიან საღამოს განაცხადა, სამი დღის წინ აშშ-მა „იარაღით დატვირთული ორი თვითმფრინავი“ გაგზავნა ჩრდილოეთ სირიაში, ქობანეში, სახალხო დაცვის დანაყოფების გასამხედროებული დაჯგუფების და მისი დემოკრატიული ერთიანობის პარტიის პოლიტიკური ფრაქციისთვისო. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრების შემდეგ, ერდოანი გამოვიდა განცხადებით, რომ ვაშინგტონი შეცდომას უშვებს, როცა სახალხო დაცვის დანაყოფებს მიჩნევს მოკავშირედ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. აშშ სახალხო დაცვის დანაყოფებს მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირედ სირიაში შეიარაღებული ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ ანკარა აცხადებს, რომ ეს მებრძოლები „ტერორისტები“ არიან და კავშირი აქვთ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან - რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო ამბოხებული თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში. ერდოანმა დასძინა, რომ იარაღის მიწოდების საკითხი წამოჭრა შეხვედრაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან - თუმცა ბაიდენი აცხადებდა, რომ მას ამის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს. თურქეთმა ბოლო პერიოდში ათობით ტანკი და ასობით მებრძოლი გაგზავნა სირიაში, ანკარის მხარდამჭერი იმ სირიელი მეამბოხეების გასაძლიერებლად, რომლებიც ებრძვიან „ისლამურ სახელმწიფოს“ და სახალხო დაცვის დანაყოფებს.

XS
SM
MD
LG