Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალური მდივანი აღშფოთებულია სამხედრო ესკალაციით სირიის ქალაქ ალეპოში


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი აღშფოთებულია სამხედრო ესკალაციით სირიის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოში. ამის შესახებ გენერალური მდივნის პრესსპიკერი სტეფან დიუჟარიკი იტყობინება. "მას შემდეგ, რაც სირიის არმიამ ორი დღის წინ გამოაცხადა, რომ იერიშს იწყებს აღმოსავლეთ ალეპოს ხელში ჩასაგდებად, მრავალჯერ იტყობინებოდნენ საჰაერო დარტყმების, მათ შორის, აალებადი იარაღისა და ბუნკერების საწინააღმდეგო ბომბების გამოყენების შესახებ“, განაცხადა შაბათს სტეფან დიუჟარიკმა. ამასობაში სირიელი აქტივისტები იტყობინებიან, რომ, სულ მცირე, 45 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი დაიღუპა აღმოსავლეთ ალეპოს დაბომბვის შედეგად. ნიუ-იორკში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ ალ-მოალემმა გაეროს გენერალურ ასამბლეას განუცხადა, რომ დამასკს ისე არასოდეს სწამდა გამარჯვებისა, როგორც ახლა. მისი თქმით, სამთავრობო ჯარები დიდ წარმატებებს აღწევენ „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ სირიაში საზავო შეთანხმების განახლება დამოკიდებული იქნება ყველა მხარეზე და არა მხოლოდ „რუსეთის ცალმხრივ დათმობებზე“.

XS
SM
MD
LG