Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი სოხუმს სთავაზობს სასტუმროს აგებასა და ბოტანიკური ბაღის გაშენებას


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთს სთავაზობს ბოტანიკური ბაღის გაშენებასა და უმაღლესი კლასის სასტუმროს აშენებას, მთელი მოგების ადგილზე დატოვების პერსპექტივით. ამის შესახებ ივანიშვილმა 26 სექტემბერს განაცხადა, რუსთავში ჟურნალისტებთან შეხვედრისას. ივანიშვილის თქმით, შეთავაზებული პროექტი იქნება „ყველაზე მაღალი კლასის“ სასტუმრო - ისეთივე, როგორიც განმუხურში უნდა აშენდეს, საოკუპაციო ხაზთან ახლოს. გარდა ამისა, განმუხურში დაგეგმილია ბოტანიკური ბაღის გაშენება და თუკი აფხაზებიც ისურვებენ, ასეთი ბოტანიკური ბაღი ე. წ. „გამყოფი ზოლის“ იქითაც გაშენდება. „გამყოფ ხაზს იქითაც ვთავაზობ საქმიან წინადადებას, რომ ასეთივე კლასის სასტუმროს ავაშენებდი, თუ მათი კეთილი ნება იქნება, ჩვენი ძმების. და, ასევე, გავაგრძელებდი ბოტანიკურ ბაღს და უფრო დიდიც, უფრო მასშტაბურიც შეიძლებოდა ყოფილიყო გამყოფ ხაზს იქით. ამავდროულად, სასტუმროდან მიღებული ყველა მოგება მოხმარდებოდა, თანხმობის შემთხვევაში, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას. ამით მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ჩვენი ურთიერთობის აღდგენაში და გარკვეული საფუძველი ჩაყროდა იმ ნდობის აღდგენასა და დაბრუნებას, რაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გაგვაჩნდა“, -განაცხადა ექსპრემიერმა. მისივე თქმით, სასტუმროს პროექტზე თანაინვესტირების ფონდის ფული დაიხარჯება, ხოლო ბოტანიკურ ბაღს ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს.

XS
SM
MD
LG