Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონმა და დონალდ ტრამპმა პირველი სატელევიზიო დებატები გამართეს


ორშაბათს საღამოს ნიუ-იორკში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა პირველი სატელევიზიო დებატები. ჰოფსტრას უნივერსიტეტში მოწყობილ საათნახევრიან პაექრობაში მთავარი ყურადღება დაეთმო ეკონომიკის საკითხებს. დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ გულისყურს მიმართავს საშუალო ფენის, სტუდენტებისა და ახალგაზრდა დედების კეთილდღეობის ამაღლებისკენ, რასაც ყველაზე მდიდარი ამერიკელებისთვის გადასახადების გაზრდით მიაღწევს. რესპუბლიკელების კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, ასევე აღნიშნა საშუალო კლასის კეთილდღეობის მნიშვნელობა, მაგრამ ყურადღება გაამახვილა ბიზნესის სფეროს სტიმულირებისა და კორპორაციული გადასახადების შემცირების გზით ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. კლინტონმა გააკრიტიკა თავისი მეტოქის გეგმა, რომელიც, დემოკრატი კანდიდატის აზრით, მიზნად ისახავს მდიდართა კიდევ უფრო გამდიდრებას საშუალო კლასის ხარჯზე. დებატების მონაწილეებმა დიდი დრო დაუთმეს აშშ-ში არსებულ რასობრივ პრობლემებზე საუბარს. კლინტონის თქმით, ქვეყნის სასამართლო და საგამოძიებო სტრუქტურებში აშკარად შეინიშნება რასობრივი და ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაციის ნიშნები, რომელთა აღმოსაფხვრელად ის ყოველ ღონეს იხმარს, თუ პრეზიდენტად აირჩიეს. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ უნდა გამკაცრდეს იარაღის ფლობის კანონი. ტრამპმა განაცხადა, რომ „კანონისა და წესრიგის“ პრეზიდენტი იქნება. კანონიერების განმტკიცების გზად მას, როგორც თავად აღნიშნა, სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა რიცხვის გაზრდა და პოლიციელთა მხრიდან არსებულზე უფრო მკაცრი ზომების გატარება მიაჩნია. საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, კლინტონმა ახსენა კიბერუსაფრთხოების თემა და რუსეთი აშშ-ის წინააღმდეგ კიბერთავდასხმების განხორციელებაში დაადანაშაულა. პასუხად ტრამპმა თქვა, რომ არავინ იცის, ვინ დგას კიბერთავდასხმების უკან და რომ ეს შეიძლება რუსეთიც იყოს, ჩინეთიც და ირანიც. პრეზიდენტობის კანდიდატთა მეორე დებატები 9 ოქტომბერს, სენტ-ლუისში გაიმართება.

XS
SM
MD
LG