Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა, სავარაუდოდ, სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერი


ინტერნეტსივრცეში, Youtub-ით გავრცელდა სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, აკაკი ბობოხიძის, ირმა ნადირაშვილის, ნუგზარ წიკლაურის, პეტრე ცისკარიშვილის, აკაკი მინაშვილისა და გიგი წერეთლის საუბრის ჩანაწერი. აუდიოჩანაწერის თანახმად, საუბარი შეეხება იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში დამარცხდება და ამიტომ საჭიროა „რევოლუციური სცენარი.“ კერძოდ, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ გიგა ბოკერია რევოლუციურ სცენარს სწორად მიიჩნევს, თუმცა ფიქრობს, რომ თუ ეს არ გამოვა, კოალიციებისთვის უნდა მოემზადონ. „ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი“, - აცხადებს სააკაშვილი აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის. ჩანაწერის გავრცელებას ფეისბუკით გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი. მისი განცხადებით, ივანიშვილს უნიჭო მონტაჟით სურს გარდაუვალი მარცხის თავიდან აცილება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი ბობოხიძის მტკიცებით, წელს მიხეილ სააკაშვილთან ტელეფონით საერთოდ, არ უსაუბრია. სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას ბობოხიძემ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უნიჭობა უწოდა, რევოლუციისთვის მზადება უარყო, თუმცა დასძინა, რომ პარტია თავის ხმებს დაიცავს. 26 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება საბოტაჟის მომზადების მუხლით, მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ორგანიზაციიდან, „თავისუფალი ზონიდან“ გასულმა წევრებმა განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმას ამზადებს.

XS
SM
MD
LG