Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა ისრაელის ყოფილი ლიდერი, ნობელის პრემიის ლაურეატი შიმონ პერესი


28 სექტემბერს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი შიმონ პერესი. პერესი აღიარებული იყო ერთ-ერთ გამორჩეულ პოლიტიკურ ლიდერად ისრაელშიც და მის საზღვრებს მიღმაც. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ გაავრცელა საგანგებო ვიდეომიმართვა, რომელშიც გამოხატავს ღრმა მწუხარებას "მთელი ერისათვის ძვირფასი ადამიანის" გარდაცვალების გამო: „ისრაელის ყველა მოქალაქესთან ერთად, მთელ ებრაელ ხალხთან და მსოფლიოში მრავალ სხვა ადამიანთან ერთად ვგლოვობ ჩვენი ერისათვის ძვირფასი შიმონ პერესის გარდაცვალებას. ნათელში განისვენოს“. შიმონ პერესის სახელი უკავშირდება 1948 წელს ისრაელის დაარსების შემდეგ მისი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებს. პერესი ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, მოგვიანებით, 2007-2014 წლებში პრეზიდენტიც. 1994 წელს პერესს ისრაელის მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან, იცხაკ რაბინთან და პალესტინელების ლიდერთან, იასირ არაფატთან ერთად მიენიჭა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისათვის. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პერესს უწოდა "ერთ-ერთი ადამიანი იმ მცირეთაგან, რომელმაც ისტორია შეცვალა არამარტო მოვლენებში თავისი როლით, არამედ მორალური ღირებულებების შესახებ ჩვენს წარმოდგენაზე გავლენით". გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ყურადღება გაამახვილა შიმონ პერესის როლზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისრაელ-გერმანიის რთული ურთიერთობის განვითარებაში.

XS
SM
MD
LG