Accessibility links

რუსეთი „იმედგაცრუებულია“ აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის ავიაკატასტროფის გამოძიების შედეგით


რუსეთი აცხადებს, რომ „იმედგაცრუებულია“ აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის ავიაკატასტროფის გამოძიების შედეგით, რომლის თანახმადაც, სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს სეპარატისტების მიერ გაკონტროლებული ტერიტორიიდან გასროლილი რაკეტით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარიამ ზახაროვამ გამოძიებას „მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა. 28 სექტემბერს უფრო ადრე ნიდერლანდის ქალაქ ნიუვეგეინში გაიმართა პრესკონფერეცნია, რომელზეც აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფის გამომძიებელმა საერთაშორისო კომისიამ წარმოადგინა თავისი მუშაობის შედეგი. კომისიის დასკვნით, ავიალაინერი ჩამოაგდეს უკრაინაში რუსეთის ტერიტორიიდან შეტანილი საზენიტო-სარაკეტო დანადგარის, „ბუკ“-ის რაკეტით. „სისხლის სამართლის გამოძიების საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს MH17 – 2014 წლის 17 ივლისს - ჩამოგდებულ იქნა 9-M-83-38 სერიის რაკეტით. ის გასროლილ იქნა "ბუკ"-ის დანადგარით და "ბუკ"-ის ეს დანადგარი შესული იყო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან და გასროლის შემდეგ ისევ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაბრუნდა“, - განაცხადა ნიდერლანდის პოლიციის გამომძიებელმა ვილბერტ პაულისენმა ნიუვეგეინში გამართულ პრესკონფერენციაზე. მალაიზიის ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაიღუპა მასში მყოფი 298-ვე ადამიანი, მათ შორის ნიდერლანდის 196 მოქალაქე.

XS
SM
MD
LG