Accessibility links

logo-print

დღეს საქართველოს ეწვია რომის პაპი ფრანცისკე


დღეს საქართველოს ეწვია რომის პაპი ფრანცისკე. მას 15 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე რომის პაპი პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვდება პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს და საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილი და პაპი ფრანცისკე სიტყვით მიმართავენ 300-მდე მიწვეულ სტუმარს, რომელთა შორის არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს, სხვადასხვა რელიგიური კონფესიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. 1 ოქტომბერს რომის პაპი ფრანცისკე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აღავლენს წმინდა მესას და დამსწრე საზოგადოებას ქადაგებით მიმართავს. რომის პაპი შეხვდება ასირიულ-ქალდეური საზოგადოების და საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს. ვიზიტის ბოლოს, რომის პაპი ფრანცისკე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან და თანმხლებ პირებთან ერთად ეწვევა მცხეთას, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს და მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს. საქართველოში რომის პაპის, ფრანცისკეს ვიზიტის გასაშუქებლად აკრედიტებულია მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების 150-ზე მეტი ჟურნალისტი. რომის პაპი საქართველოში ვიზიტს 2 ოქტომბერს დაასრულებს და თბილისიდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.

XS
SM
MD
LG