Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ლიდერები შიმონ პერესს გამოეთხოვნენ


ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესის დაკრძალვის ცერემონიაში, რომელიც იერუსალიმში გაიმართა, მსოფლიოს ათობით ლიდერი, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი და, ასევე, პოლონეთის, იტალიის და კანადის ლიდერები, მონაწილეობდნენ. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლიტონმა თავის გამოსათხოვარ სიტყვაში შიმონ პერესს „კაცობრიობის ბრძენი ქომაგი უწოდა“. ისრაელის ყოფილი ლიდერი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი შიმონ პერესი 28 სექტემბერს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. შიმონ პერესის სახელი უკავშირდება 1948 წელს ისრაელის დაარსების შემდეგ მისი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებს. პერესი ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, მოგვიანებით, 2007-2014 წლებში პრეზიდენტიც. 1994 წელს პერესს ისრაელის მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან, იცხაკ რაბინთან და პალესტინელების ლიდერთან, იასირ არაფატთან ერთად მიენიჭა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისათვის. დაკრძალვის ოფიციალური ცერემონიის წინ, მაჰმუდ აბასმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ ხელი ჩამოართვეს და რამდენიმე სიტყვა უთხრეს ერთმანეთს. შიმონ პერესი ისრაელის სახელმწიფო მოღვაწეთა სასაფლაოზე, ჰერცლის მთაზე დაკრძალეს.

XS
SM
MD
LG