Accessibility links

logo-print

საქართველოში გაიხსნა ქარის პირველი ელექტროსადგური


საქართველოში გაიხსნა ქარის პირველი ელექტროსადგური, „ქართლი“. სადგური გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე აშენდა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ელექტროსადგურის სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია 88 მილიონი კვტ/საათი. ქარის ელექტროსადგური შედგება ექვსი აგრეგატისაგან. თითოეული მათგანის სიმძლავრე შეადგენს 3,45 მგვტ-ს. ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ქარის ელექტროსადგური „ქართლი“, მისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სადგურია. პროექტი განახორციელა საქართველოს ,,ენერგეტიკის განვითარების ფონდისა" და ნავთობის და გაზის კორპორაციის შვილობილმა კომპანიამ, ,,ქართლის ქარის ელექტროსადგურმა". 2013 წლის ზაფხულში დამონტაჟდა ქარის ძირითადი პარამეტრების გამზომველი მეტეოროლოგიური ანძა, მის მონაცემებზე დაყრდნობით კი ქარის რესურსების შეფასების ანგარიში მოამზადა ნორვეგიულმა კომპანიამ, MEVENTUS-მა. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობითვე, მომზადდა ტურბინების განლაგების რამდენიმე სქემა, საიდანაც შეირჩა ადგილისთვის ყველაზე ოპტიმალური ექვსტურბინიანი სქემა. დეტალური პროექტი მოამზადა ბელგიურმა საკონსულტაციო კომპანიამ Tractebel Engineering S.A.-მა. საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობა 2016 წლის მარტში დაიწყო. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ოქტომბრიდან დაიწყება სადგურის ტესტირების ეტაპი, დეკემბრის მეორე ნახევარში კი, სრული დატვირთვით ამუშავდება. პროექტის საერთო ღირებულება 34 მილიონი აშშ დოლარია. საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი სადგური დააკმაყოფილებს ზამთარში ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის ნაწილს. „ეს არის როგორც ეკონომიური, ისე ეკოლოგიური და უსაფრთხო ჩვენი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს აქვს ისეთი ალტერნატიული რესურსი, როგორიცაა ქარისა და მზის ენერგია და მისი სათანადოდ ათვისება დამატებით სიმძლავრეს შესძენს ქვეყნის ენერგოსექტორს.

XS
SM
MD
LG