Accessibility links

logo-print

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტის მანდატები სამ საარჩევნო სუბიექტს შორის განაწილდება


ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის მანდატები სამ საარჩევნო სუბიექტს შორის განაწილდება. ცესკოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულია ყველა საარჩევნო უბნიდან მიღებული შედეგები, რომელთა თანახმად, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, პროპორციული სისტემით ხმების 48,67% მიიღო პარტიამ, „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო,“ 27,11% „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და 5,01% „პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებულმა ოპოზიციამ.“ წინასწარი შედეგების მიხედვით, პროპორციული სიით „ქართული ოცნება“ პარლამენტში მიიღებს 44 მანდატს, „ნაციონალური მოძრაობა“ 27-ს და „პატრიოტთა ალიანსი“ 6 მანდატს. საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. წინასწარი შედეგებით, 73 საარჩევნო ოლქიდან 23-ში არჩევნების პირველსავე ტურში გაიმარჯვეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, რომლებმაც 50%-იანი ბარიერი გადალახეს. დანარჩენ 50 ოლქში ჩატარდება არჩევნების მეორე ტური. 44 ოლქში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები. რაც შეეხება კიდევ 6 ოლქს, ხაშურში მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ „მრეწველებისა“ და „ქართული ოცნების,“ ლანჩხუთსა და მცხეთაში „ქართული ოცნების“ და საინიციატივო ჯგუფების კანდიდატები და თბილისის მთაწმინდის პირველ ოლქში, „ნაციონალური მოძრაობის“ და საინიციატივო ჯგუფის კანდიდატები. ჭიათურისა და გორის ოლქებში, არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ „ქართული ოცნებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატები. 10 ოქტომბერს, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს და პოლიტიკურ საქმიანობასაც შეაჩერებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, თუ რომელიმე კანდიდატს არ ექნება მეორე ტურში მონაწილეობის სურვილი, მის მონაცემებს მაინც მიუთითებენ საარჩევნო ბიულეტენში. “თუკი ეს კანდიდატი მეორე ტურში გაიმარჯვებს და მანდატზე უარს იტყვის, შუალედური არჩევნები ჩატარდება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

XS
SM
MD
LG