Accessibility links

კლინტონის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოძიება იკვლევს რუსეთის როლს ჰაკერულ თავდასხმებში


აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის კამპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აშშ გამოძიების ფედერალური ბიურო იკვლევს, იდგა თუ არა რუსეთი გასულ კვირაში კლინტონის მრჩევლის ელექტრონული ფოსტის გატეხვის უკან. კამპანიის თავმჯდომარე ჯონ პოდესტამ თქვა, რომ მან გამოძიების შესახებ რამდენიმე დღის წინ შეიტყო, როდესაც მას FBI-ს წარმომადგენლები დაუკავშირდნენ. მიმოწერა გატეხილი ელექტრონული ფოსტიდან 7 ოქტომბერს გამოაქვეყნა „ვიკილიკსმა“. პოდესტას ცნობით, გამოძიება ამ ბოლო ინციდენტთან დაკავშირებით, ნაწილია უფრო ფართო მოკვლევისა, რომელიც დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციებზე ჰაკერულ თავდასხმებში რუსეთის როლს შეეხება. მისი თქმით, რუსეთის მცდელობა, ჩაერიოს ამერიკის არჩევნებში და გავლენა მოახდინოს მასზე რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის სასარგებლოდ, ყველა ამერიკელისათვის „უპირველესი მნიშვნელობისა“ უნდა იყოს. რუსეთის ელჩმა აშშ-ში 11 ოქტომბერს უარყო ბრალდება, რომ რუსეთი ამერიკის არჩევნებში ჩარევას ცდილობს.

XS
SM
MD
LG