Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების პირველი ტურის განმეორებითი კენჭისყრა, საქართველოს მასშტაბით, სავარაუდოდ ოთხ საარჩევნო უბანზე გაიმართება


8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის განმეორებითი კენჭისყრა დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით ოთხ საარჩევნო უბანზე გაიმართება. საოლქო-საარჩევნო კომისიებში მიღებული საჩივრებიდან გამომდინარე, ეს ციფრი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ განუმარტა, დღევანდელი მონაცემებით, განმეორებითი კენჭისყრა ტარდება ზუგდიდის სამ საარჩევნო უბანზე - განმუხურის 39-ე, ასევე სოფელ ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე. გარდა ამისა, განმეორებითი არჩევნები ჩატარდება მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე. ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, განმეორებითი კენჭისყრის თარიღთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას საარჩევნო კომისია მიიღებს. ”საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობისას, ცესკო ამ უბანში განმეორებით კენჭისყრას ნიშნავს იმ შემთხვევაში, თუ, საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატების მიერ შესაბამის საარჩევნო ოლქში მიღებული ხმების სხვაობა, ნაკლებია ამ საარჩევნო უბნის ამორჩეველთა საერთო რაოდენობაზე. განმეორებითი კენჭისყრა იმართება ორი კვირის ვადაში, ნებისმიერ დღეს. მაგალითად, პირველი ტური იყო 8 ოქტომბერს, განმეორებითი კენჭისყრა 8 ოქტომბრიდან ორი კვირის ვადაში ნებისმიერ დღეს შეიძლება დაინიშნოს. ამაზე ცესკო იმჯელებს”, - განმარტა ანა მიქელაძემ. მისივე ინფორმაციით, განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების ბოლო ვადა 23 ოქტომბერია.

XS
SM
MD
LG