Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს


თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს, გიორგი მურჯიკნელს. მისთვის პატიმრობის შეფარდება ბრალდების მხარემ ითხოვა. პროკურორმა ანა სიგუამ განმარტა, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და ახალი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, ამიტომ არსებობს საფრთხე, თავი აარიდოს მართლმსაჯულებას და სცადოს მტკიცებულებების განადგურება. ბრალდებული, რომელსაც ადვოკატი არ ჰყავდა, პროკურატურის მოთხოვნას არ დაეთანხმა და სასამართლოს მიმართა, 1000 ლარის გირაოთი გაეთავისუფლებინა. თავის მხრივ, მოსამართლემ, რევაზ ნადარაიამ განმარტა, რომ გიორგი მურჯიკნელს ბრალად ედება მძიმე დანაშაული და ის ფაქტი, რომ მიმალვა სცადა, ამყარებს წინასწარი პატიმრობის შეფარდების საფუძველს. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს ლგბტ თემის წარმომადგენლებმა, რომლებმაც მოითხოვეს, რომ საქმეს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხშირია სიძულვილის და გენდერული იდენტობის მოტივით დანაშაულის ჩადენა, თუმცა საგამოძიებო სტრუქტურები კანონით დადგენილ ამ კვალიფიკაციას არ იყენებენ და საქმის გამოძიება სხვა მუხლებით მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG