Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილმა ხელოვნურ და არაჯანსაღ სპეკულაციად შეაფასა განცხადებები საკონსტიტუციო უმრავლესობის თაობაზე განცხადებები


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელოვნურ და არაჯანსაღ სპეკულაციად შეაფასა განცხადებები, რომ „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ქვეყანას დაღუპავს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უმრავლესობით გამარჯვება პარტიას უპირველეს ყოვლისა აკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას ქვეყნის და ამომრჩევლის წინაშე. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს წარსულში ჰქონდა პრეცედენტი, როცა კონსტიტუცია მორგებული იყო ერთ კაცსა და ერთ პოლიტიკურ ძალაზე, რამაც ხელისუფლების უზურპაცია გამოიწვია. „ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვინდა იმიტომ, რომ ამომრჩევლის წინაშე შევასრულოთ დანაპირები და განვითარების ძალიან დინამიკური და ამბიციური გეგმა მივიყვანოთ ბოლომდე, რაც ნიშნავს, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უნდა შეიქმნას ეკონომიკის განვითარების უპრეცედენტოდ მაღალი დინამიკა, ქვეყანამ მოახდინოს მნიშვნელოვანი გარღვევა სოციალური მიმართულებით, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარების მიმართულებით და ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე გააგრძელოს მნიშვნელოვანი რეფორმები“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მემკვიდრეობით მიიღო ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია, ამიტომ აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების ფართო ჩართულობით მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ მომავალში ვერავინ, ვეღარასდროს ვერ შეძლოს ხელისუფლების უზურპირება და საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ ჰქონდეს ევროპული, დემოკრატიული კონსტიტუცია. „მაგრამ, ეს არ იქნება ისე, რომ ჩვენ პარლამენტში პირველ რიგში, დავეტაკებით და ამ საკითხით ვიქნებით დაკავებული. რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში აქ სიჩქარე არ ივარგებს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ ამომრჩევლის მიერ მეორე ტურში გამოხატული ნების შედეგად „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, მას პარტია გამოიყენებს მხოლოდ ამომრჩევლებისთვის მიცემული დაპირებების შესასრულებლად და ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისთვის.

XS
SM
MD
LG