Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გვიპირებს და რას გვპირდება რუსეთი არჩევნების ფონზე


ექსპერტები ყურადღებით აანალიზებენ მოსკოვის მესიჯებს, რომლებიც,რუსეთ-საქართველოს არაფორმალური დიალოგის ფორმატში, 19 ოქტომბერს პრაღაში გამართული შეხვედრის კვალდაკვალ გახმაურდა. საგანგებო ინტერესი გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ – საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ. შეიცვალა თუ არა მოსკოვის მიდგომები, გეგმები და დაპირებები საქართველოს მისამართით იმ ფონზე, როცა საერთაშორსო თანამეგობრობის წიაღში უკვე ხედავენ განგაშის საფუძველს, საქართველოს პარლამენტში მკვეთრად „ანტიდასავლური“ და „პრორუსული“ განწყობის პოლიტიკური ძალის მოხვედრის გამო. თემას ლელა კუნჭულია განავრცობს.

გადმოწერა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ორი ქვეყნის ურთიერთობებში ცვლილებები არ შეუტანია (უკანასკნელ პერიოდში) არც რუსეთში და არც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს. ტექსტი გვატყობინებს, რომ მეზობელი ქვეყნები მზად არიან გააღრმავონ კავშირები იმ მიმართულებებით, სადაც ეს შესაძლებელია, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში. ჩამონათვალში სახელდება სავაჭრო, სატრანსპორტო, კულტურულ-ჰუმანიტარული სფეროები და იქვე მინიშნებულია, რომ, მაგალითად, „რუსეთი რჩება საქართველოსთვის მნიშვნელობით მეორე სავაჭრო პარტნიორად და მთავარ ბაზრად ღვინის რეალიზებისთვის“.

რაც შეეხება დაპირებებს, გეგმებსა და პროგნოზებს, რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ნოემბერში თბილისში გაიმართება რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა – ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების მიზნით; რუსეთი განაგრძობს საქართველოში გადაღებული ფილმების არქივის დაბრუნებას ქართული მხარისთვის და რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტების რიცხვი მილიონს გადააჭარბებს. აქვეა სავიზო რეჟიმის თემაც და მართალია, ადრინდელივით, მოსკოვი ამჯერადაც ვიზების სრულ გაუქმებაზე არ ლაპარაკობს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს აკრძალვების კიდევ უფრო შემსუბუქებას ჰპირდება:

„გაგრძელდება მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით. კერძოდ, რუსეთის მთავრობაში განიხილება საკითხი იმის შესახებ, რომ გამარტივდეს სავიზო რეჟიმი საქართველოს ავიახაზების კუთვნილი საჰაერო ტრანსპორტის ეკიპაჟის წევრებისთვის“.

რუსეთის მესიჯებში ახალ იმპულსებსა და ენთუზიაზმს ხედავს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია და ამას, გარკვეულწილად, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსაც უკავშირებს. როგორც მან უთხრა „რადიო თავისუფლებას“ – რუსეთი კმაყოფილია იმით, რომ მასთან ურთიერთობების დათბობის მოსურნე პოლიტიკურ ძალას – „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის აღების რეალური შანსი აქვს. ამასთან – კორნელი კაკაჩიას ვარაუდით, მოსკოვს საგანგებოდ გაახარებდა ანტიდასავლური განწყობების გაძლიერების რეალური ნიშანები, რაც, უკანასკნელი არჩევნების შედეგად, „პატრიოტთა ალიანსის“ პარლამენტში შესვლით გამოიხატა:

„მაგალითად, ათი წლის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ ასეთი პარტია პარლამენტში შეიძლებოდა გვყოლოდა, მაგრამ დღეს რეალობა შეიცვალა და ასეთი პარტია მოხვდა პარლამენტში. ეს უკვე იმედს აჩენს რუსეთში, რომ ე.ი. თუ რუსეთი იმუშავებს საქართველოში თავისი რბილი ძალით, შესაძლებელია, რომ ასეთი პარტიები კიდევ უფრო მომრავლდნენ, მათი პოზიციები კიდევ უფრო გამყარდეს, მაგრამ და, რაც მთავარია – ეს ევროსკეპტიციზმი შეჯერდეს ეროვნულ და ნაციონალისტურ ნარატივთან – ვითომ, თითქოს, არც დასავლეთი გვინდა და არც სხვა ვინმე... ამ წუთას ეს მისაღებია რუსეთისთვის, რადგანაც მათ მშვენივრად იციან, რომ საქართველოში პირდაპირ პრორუსული პარტია ვერ გაიმარჯვებს“.

არაფერს არ გვპირდება განსაკუთრებულს... ვთქვათ, (ოკუპირებული) აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით, აი ამ კონფლიქტებისა და მათი გადაწყვეტის პერსპექტივების არარსებობის სახით, რუსეთს ყოველთვის ექნება საქართველოზე ზეგავლენის მოხდენის საშუალება და აქვს უკვე ზეგავლენის ბერკეტები...
შორენა ლორთქიფანიძე

თუკი კორნელი კაკაჩია (ამ ეტაპის მონაცემებით) პარლამენტში 6 დეპუტატით მოხვედრილ „პატრიოტთა ალიანსს“ ანტიდასავლურ და ევროსკეპტიკოსთა პოლიტიკურ გაერთიანებად მოიხსენიებს, საერთაშორისო თანამეგობრობის წიაღში მას პრორუსულ ძალადაც მიიჩნევენ და როგორც, მაგალითად, ყოფილმა კონგრესმენმა და ამჟამად საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტმა მარკ გრინმა უთხრა „ამერიკის ხმას“, „ღიად პრორუსული ძალის“ პარლამენტში მოხვედრა განგაშის ზარი და გამოწვევაა საქართველოს დემოკრატიის მხარდამჭერებისთვის, მაგრამ „ახლა პროტესტის და ერთმანეთისკენ თითის გაშვერის დრო არ არის“ და „ახლა დემოკრატიულმა ძალებმა უფრო ძლიერი იდეების წარმოჩენა და ამომრჩევლებამდე მიტანა უნდა შეძლონ“.

რუსეთს ამ ეტაპზე არ აძლევს ხელს საქართველოს მოსახიბლად მეტი ძალების დახარჯვა – ამბობს „რადიო თავისუფლებასთან“ პოლიტოლოგი შორენა ლორთქიფანიძე, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების მიერ გახმაურებულ დაპირებებში ახალსა და განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. როგორც პოლიტოლოგი ეუბნება „რადიო თავისუფლებას“ – მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ნამდვილად ეამებოდა საქართველოს პარლამენტში ანტიდასავლური განწყობის პოლიტიკური ძალის მოხვედრის ამბავი და კრემლი ყურადღებას არასოდეს მოადუნებს საქართველოს შესანარჩუნებლად თავისი ზეგავლენის სფეროში, მაგრამ – რუსეთს ამ ეტაპზე არ უღირს საქართველოსთვის რეალურად სასარგებლო ცვლილებების გატარება და, თუნდაც, სავიზო რეჟიმის გაუქმება:

„არაფერს არ გვპირდება განსაკუთრებულს... ვთქვათ, (ოკუპირებული) აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით, აი ამ კონფლიქტებისა და მათი გადაწყვეტის პერსპექტივების არარსებობის სახით, რუსეთს ყოველთვის ექნება საქართველოზე ზეგავლენის მოხდენის საშუალება და აქვს უკვე ზეგავლენის ბერკეტები... შესაბამისად, საქართველოში არსებული სტატუს კვო, ჯერჯერობით, მისაღებია მისთვის“.

მიუხედავად იმისა, რომ პრაღის ფორმატი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგების შესახებ საუბარს არ ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 19 ოქტომბერს, პრაღაში გამართულ შეხვედრაზე „ზურაბ აბაშიძემ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებსა და საოკუპაციო ხაზთან შექმნილ რთულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს“. სხვა მხრივ კი, იმავე წყაროს ცნობით, ქართული მხარე ურთიერთობების გაღრმავებას მოელის სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროში. „მიღწეულ იქნა კონკრეტული შეთანხმებები რუსეთის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტის, ასევე სატრანსპორტო გადაზიდვების ზრდის კუთხით“ – ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რუსეთთან დათბობისა და დაახლოების პროცესების პარალელურად, საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, ძალიან ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ურთიერთობების გაღრმავება საკმაოდ დიდი რისკების შემცველი პროცესია და რომ საქართველოს ხელისუფლებას თითოეული ასეთი რისკის საფუძვლიანი გაანალიზება მოეთხოვება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG