Accessibility links

logo-print

ამოცნობილია გარდაცვლილი პირი, რომელმაც ორ თანამზრახველთან ერთად, 23 ოქტომბერს შეაღწია სამხედრო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამოცნობილია გარდაცვლილი პირი, რომელმაც ორ თანამზრახველთან ერთად 23 ოქტომბერს შეაღწია წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის, „კრწანისის“ ტერიტორიაზე. თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 24 ოქტომბერს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ავტოპარკის ტერიტორიაზე სადღეღამისო განწესში მყოფმა დაცვის ასეულის სამხედრომ გვიან ღამით შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და თავს დაესხნენ, კერძოდ ესროლეს ცეცხლმაქრი, თუმცა, მიუხედავად თავდასხმისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში. „რამდენადაც თავდამსხმელთა მიერ გუშაგის მიმართ აგრესია იყო მაღალი რისკის და საფრთხის შემცველი და ამასთან, არ დაემორჩილნენ კანონიერ მოთხოვნას, გუშაგმა იმოქმედა წესდების შესაბამისად და მათი მიმართულებით ისროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სამხედრო ობიექტზე შემოვლებული მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. სამინისტროს ცნობით, სამხედრო პოლიციის მისვლის შემდეგ, ტერიტორიის დათვალიერებისას შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში აღმოაჩინეს მამაკაცის გვამი, რომელიც უკვე იდენტიფიცირებულია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1993 წელს დაბადებული პირი ერთ-ერთია იმ სამი თავდამსხმელიდან, რომლებიც სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, დანარჩენი ორი პირის დასადგენად კი მუშაობა გრძელდება. სამინისტროს ცნობით, გამომძიებლებმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაათვალიერეს როგორც შემთხვევის, ისე გვამის აღმოჩენის ადგილები, სადაც ნაპოვნია მობილური ტელეფონი, ღამის მაშუქი ფარანი, პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 5 მასრა და სხვა საგნები, რომლებიც დაილუქა და ექსპერტიზისთვის გაიგზავნა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა. საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით იძიებს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი.

XS
SM
MD
LG