Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მიესალმა ნატოს თავდაცვის მინისტრების მიერ გამოთქმულ მზადყოფნას


საქართველო მიესალმა ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების მიერ ბრიუსელში, 26 ოქტომბერს გამოთქმულ მზადყოფნას, აქტიურად იმუშაონ ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების შესასრულებლად და ალიანსის პოზიციები გააძლიერონ აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ნატომ ვარშავის სამიტზე გადაწყვიტა, გაზარდოს სამხედრო ყოფნა აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში, ხელი შეუწყოს სტაბილურობის გავრცელებას ალიანსის საზღვრებს გარეთ და დაეხმაროს პარტნიორ და ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, თავდაცვისუნარიანობის და მდგრადობის გაძლიერებაში. „ჩვენ მივესალმებით ალიანსის სამხედრო ყოფნის და აქტივობების გაძლიერებას აღმოსავლეთ ევროპაში და განსაკუთრებით, შავი ზღვის რეგიონში“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. მისივე თქმით, საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, მხარს უჭერს ალიანსის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია და მნიშვნელოვანია, რომ ნატომ დაიწყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, საქართველო თავისი ფორმატების ფარგლებში მონაწილეობს ნატოს დისკუსიებში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების შესახებ. მიხეილ ჯანელიძის განცხადებითვე, მისასალმებელია, რომ ნატო არა მხოლოდ გააძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას და აქტივობას შავი ზღვის რეგიონში, არამედ მხარს დაუჭერს სანაპირო ქვეყნების ძალისხმევას, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა ევროატლანტიკური სივრცისა და მისი განუყოფელი ნაწილის, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში.

XS
SM
MD
LG