Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ლიდერი: განვაგრძობთ საქართველოსთან ძლიერი პარტნიორობის განვითარებას


ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი განაგრძობს „საქართველოსთან ძლიერი პარტნიორობის განვითარებას“. ამის შესახებ მან განაცხადა ბრიუსელში, თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასკვნით პრეს-კონფერენციაზე. „საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ნატოსთვის, ძალიან ანგარიშგასაწევი პარტნიორი. ჩვენ მრავალი მიმართულებით ვთანამშრომლობთ. ბოლოხანს მთელი ტრანსატლანტიკური საბჭო ეწვია საქართველოს და, დაახლოებით, ერთი წლის წინ გავხსენით ახალი საწვრთნელი ცენტრი საქართველოში და წელს ერთად ჩავატარებთ ფართომასშტაბიან წვრთნებს. ასე რომ სხვადასხვა, მრავალი მიმართულებით ვთანამშრომლობთ. ნატოს წარმომადგენლები გვყავს საქართველოში და საქართველო მონაწილეობს ნატოს სხვადასხვა მისიასა და ოპერაციაში. ასე რომ, გავაგრძელებთ საქართველოსთან ძლიერი პარტნიორობის განვითარებას. ეს მნიშვნელოვანია ნატოსათვის, ისევე როგორც საქართველოს უსაფრთხოებისათვის“, - განაცხადა ნატოს მინისტერიალის დასკვნით პრესკონფერენციაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. ბრიუსელში გამართულ ორდღიან მინისტერიალზე ითქვა ასევე, რომ ნატოს წევრი ქვეყნები მზად არიან კონკრეტული ნაბიჯები გადადგან შავი ზღვის რეგიონში წარმომადგენლობის გასაზრდელად, რასაც საფუძვლად უდევს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, მინისტერიალზე ითქვა, რომ ნატო ჯერ ვერ ხედავს საქართველოს როლს შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტის განხორციელებაში.

XS
SM
MD
LG