Accessibility links

აზრთა სხვაობას იწვევს გადაწყვეტილება სახაროვის სახელობის პრემიის წლევანდელ ლაურეატებზე


აზრთა სხვაობა და კრიტიკული განცხადებები მოჰყვა ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილებას წელს სახაროვის სახელობის პრემიის ორი ეზიდი აქტივისტის, ნადია მურადისა და ლამია აჯი ბაშარისათვის მინიჭების შესახებ. ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, 11 ოქტომბერს გამართული კენჭისყრისას, ეზიდ აქტივისტებზე 10 ხმით მეტი ერგო ყირიმელი თათრების ლიდერს, მუსტაფა ჯემილევს. ზოგი პარლამენტარის, მათ შორის რუმინელი კრისტიან დან პრედას ვარაუდით, შესაძლოა მოსკოვმა მოახდინა ზეწოლა პარლამენტარების ნაწილზე - კერძოდ, სოციალისტებზე - მოთხოვნით, არ დაეჭირათ მხარი ჯემილევის კანდიდატურისათვის. ამ ვარაუდის საფუძველია ის გარემოება, რომ ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და განვითარების კომიტეტებმა მუსტაფა ჯემილევი დაასახელეს სახაროვის პრემიის ლაურეატობის სასურველ კანდიდატად. ჩვეულებრივ, ევროპის პარლამენტი ითვალისწინებს ხოლმე მათ რეკომენდაციას. ევროპის პარლამენტში „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ წარმომადგენელი, დიმიტრის კომოდრომოსი უარყოფს ბრალდებას, მოსკოვის მოთხოვნის მიხედვით გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

XS
SM
MD
LG