Accessibility links

logo-print

თურქეთში დააკავეს ოპოზიციურ გაზეთ „ჯუმჰურიეთის“ მთავარი რედაქტორი


თურქეთში დააკავეს ოპოზიციური, სეკულარიზმის მომხრე გაზეთ „ჯუმჰურიეთის“ მთავარი რედაქტორი, მურატ საბუნჯუ. თურქეთის მედიაში გავრცელებულ ამ ცნობას თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადებით ადასტურებს „ჯუმჰურიეთი“. ის იუწყება, რომ საბუნჯუ და გაზეთის მიმომხილველი გურაი ოზი დააკავეს მათ სახლებში განხორციელებული რეიდებისას. სტამბოლის პროკურორის განცხადებით, გაზეთის და მისი მფლობელი „ჯუმჰურიეთის ფონდის“ წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება ქურთ ექსტრემისტებთან და გიულენის მოძრაობასთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე. ტელეარხ „სი-ენ-ენ თურქეთის“ ინფორმაციით, სულ გაცემულია ყოველდღიური გაზეთის 13 ჟურნალისტისა და ხელმძღვანელის დაპატიმრების ორდერები. დაპატიმრებების ფონია სამართლებრივი დევნა ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ეჭვმიტანილია შეერთებულ შტატებში მცხოვრებ თურქ სასულიერო პირთან, ფეთულა გიულენთან კავშირში. ანკარა გიულენს ადანაშაულებს ივლისში პუტჩის წარუმატებელი მცდელობის ორგანიზებაში. გიულენი კატეგორიულად უარყოფს პუტჩთან კავშირს. ბოლო კვირებში თურქეთში დახურეს ათობით მედიასაშუალება, მათ შორის ქურთების მედიასაშუალებები. „ჯუმჰურიეთის“ ყოფილ მთავარ რედაქტორს, ჯან დუნდარს, წელს ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს სირიაში ანკარის ოპერაციებთან დაკავშირებული გასაიდუმლოებული მასალების გამოქვეყნებისათვის. ჟურნალისტის დაპატიმრებას მოჰყვა მკაცრი კრიტიკა მედიის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის მთავრობებისაგან, რომლებიც შეშფოთებული არიან თურქეთში ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობის გაუარესებით.

XS
SM
MD
LG