Accessibility links

კლინტონის გუნდი მოითხოვს, გამოქვეყნდეს ინფორმაცია რუსეთთან ტრამპის კავშირის გამოძიებაზე


აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის გუნდი მოითხოვს, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გაასაჯაროვოს ინფორმაცია რუსეთთან დონალდ ტრამპის კავშირის გამოძიების თაობაზე. ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“-თან ინტერვიუში კლინტონის საარჩევნო კამპანიის მენეჯერმა რობი მუკმა დასვა შეკითხვა, რატომ არ ასაჯაროვებს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი რუსეთთან ტრამპის კავშირზე გამოძიების შესახებ ინფორმაციას, თუ გასულ კვირაში გაასაჯაროვა ინფორმაცია კლინტონის ელფოსტის გამო გამოძიებასთან დაკავშირებით. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" ცნობით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ რამდენიმე თვის წინ დაიწყო წინასწარი გამოძიება ბრალდებების გამო, რომ პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს, ან მასთან დაახლოებულ პირებს, შესაძლოა საეჭვო გარიგებები აკავშირებდეთ რუსეთის წარმომადგენლებთან, ან კომპანიებთან. თუ ავრცელებთ ინფორმაციას პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ გამოძიების შესახებ, გამოაქვეყნეთ ყველაფერი, რაც დონალდ ტრამპზე გაქვთ, გამოაქვეყნეთ ინფორმაცია რუსებთან მის კავშირებზეო, მოუწოდა გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს კლინტონის კამპანიის მენეჯერმა.

XS
SM
MD
LG