Accessibility links

logo-print

კადიროვი ჩეჩნეთისთვის განსაკუთრებულ პირობებს ითხოვს


ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი „უცნაურად“ მიიჩნევს რუსეთის ფედერალური ხელისუფლების მცდელობას, მისი რესპუბლიკის მიმართაც გამოიყენოს ქვეყნის ყველა რეგიონისთვის არსებული დაფინანსების ერთიანი სტანდარტები. როგორც „ინტერფაქსის“ სააგენტო იუწყება, კადიროვი ამტკიცებს, რომ ჩეჩნეთის პირველსა და მეორე ომებამდე მისი რესპუბლიკა ერთ-ერთი ლიდერი იყო მეცნიერების, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ საომარმა მოქმედებებმა რეგიონის ეკონომიკა გაანადგურა. ამასთანავე, კადიროვის თქმით, ჩეჩნეთის პრობლემები ვერც 2002 წელს ამოქმედებულმა იმ ფედერალურმა პროგრამამ მოაგვარა, რომლის მიზანი იყო რესპუბლიკის ეკონომიკისა და სოციალური სფეროს აღორძინება. კერძოდ, არ შექმნილა სამუშაო ადგილები, ხოლო აშენებული საწარმოები ვერ ამუშავდა, რადგან ვერ ქმნიდა კონკურენტუნარიან პროდუქციას. ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2001 წლიდან მოყოლებული რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ჩეჩნეთს გამოეყო დაახლოებით 500 მილიარდი რუბლი (რაც რვა მილიარდამდე აშშ დოლარს შეადგენს).

XS
SM
MD
LG