Accessibility links

logo-print

ჩინური მხარე ზვარეში მომხდარი ინციდენტის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს


კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალი ზვარეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მედიას "ცალმხრივი ინფორმაციის" გავრცელებას საყვედურობს. საუბარია, 2016 წლის 2 ნოემბერს მომხდარ კონფლიქტზე ჩინური კომპანიის თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. გავრცელებული ინფორმაციით, დავის მიზეზი გახლდათ მოჭრილი მერქნული რესურსის მოსახლეობის მიერ უკანონო მითვისების ფაქტი. ინციდენტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რის გამოც, ორივე მხრიდან არიან დაზარალებულები. „სანამ არ დადგინდება საქმეზე ჭეშმარიტება, კატეგორიულად მოვითხოვთ, გათავისუფლდნენ დაკავებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეები. აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობა ჩინეთის საელჩოს. იმედს ვიტოვებთ, რომ გამოძიება ჩატარდება გამჭვირვალედ და სამართლიანად და ზემოხსენებული ინციდენტი გავლენას არ მოახდენს ჩვენი ქვეყნების მეგობრულ ურთიერთობებზე“, - ნათქვამია განცხადებაში. 3 ნოემბერს, საღამოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა დააკავეს ჩინეთის სამი მოქალაქე. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას.

XS
SM
MD
LG