Accessibility links

logo-print

თბილისში გაიმართა საქართველოსა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოსა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრების, მიხეილ ჯანელიძის და პაოლო ჯენტილონის შეხვედრა და ერთობლივი პრესკონფერენცია. „იტალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და ნატოში ინტეგრაციას“ -განაცხადა პაოლო ჯენტილონიმ. მისივე თქმით, ერთმანეთისგან სიშორის მიუხედავად, საქართველოსა და იტალიას ბევრი საერთო აქვთ და ამით უნდა ისარგებლონ. პაოლო ჯენტილონიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის გამო, ბევრ ევროპულ წარმოებას გაუადვილდება საქართველოში ბიზნეს-საქმიანობა. ”ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ იტალიურ კომპანიებს და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ იტალიურმა მხარემ გაიცნოს საქართველოს დიდი შესაძლებლობები“ - განაცხადა ჯენტილონიმ. საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ამ მიზნით მომავალ წელს იტალიაში გაიმართება ბიზნეს-ფორუმი. „იტალია ეხმარება საქართველოს ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის და ეკონომიკური განვითარების პროცესში“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოსა და იტალიას შორის სავაჭრო ბრუნვა 30%-ით გაიზარდა. მიხეილ ჯანელიძის თქმით, იტალია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდანჭერია.

XS
SM
MD
LG