Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი თბილისში შეხვდა ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალს


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდლის, გენერალ ჯონ ნიკოლსონის შეხვედრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ნატო-საქართველოსა და აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების საკითხებზე და განიხილეს თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. გენერალმა ნიკოლსონმა საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა სამშვიდობო ოპერაციებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობისა და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის აქტიურად განაგრძოს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, საუბარი იყო რეგიონში არსებულ ვითარებაზეც. გიორგი კვირიკაშვილმა ჯონ ნიკოლსონს მადლობა გადაუხადა აშშ-ის მიერ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გენერლის ვიზიტი ამერიკა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობის დემონსტრირება და უსაფრთხოების საერთაშორისო მისიებში საქართველოს წვლილის აღიარებაა. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გენერალმა ნიკოლსონმა აღნიშნა, რომ „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ სარდლობა დიდად აფასებს ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცების წვლილს და სიმამაცეს. „ვაგრძელებთ რა მისიას ავღანეთში, შეგვიძლია კვლავაც გვქონდეს ქართველი პროფესიონალი ჯარისკაცების იმედი“ - განაცხადა ჯონ ნიკოლსონმა. მან მწუხარება გამოთქვა მისიის შესრულებისას ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო და თანადგომა გამოუცხადა დაჭრილ მეომრებს. ამერიკელი გენერლის განცხადებითვე, საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობის ნათელი დემონსტრირება იყო წელს ჩატარებული ერთობლივი სამხედრო წვრთნა, „ღირსეული პარტნიორი,“ რომელშიც ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ. ჯონ ნიკოლსონმა აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალი, გენერალი ჯონ ნიკოლსონი თბილისში 6 ნოემბერს ჩამოვიდა. იმავე დღეს, ამერიკელი გენერალი შეხვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG