Accessibility links

logo-print

აშშ-ში გადაწყდა, რომ არ დაიწყება გამოძიება ჰილარი კლინტონის ელფოსტით სარგებლობის საკითხზე


აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, ჯეიმს კომიმ აშშ-ის კონგრესში განაცხადა, რომ ბოლო ინფორმაციის შემოწმების შემდეგაც ძალაში რჩება წელს ივლისში მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ დაიწყება გამოძიება ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ სახელმწიფო მდივნად მუშაობის პერიოდში ელფოსტის სარგებლობასთან დაკავშირებული გადაცდომის გამო. საქმე ეხება პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნად მუშაობისას, მის მიერ პირადი ელფოსტის გამოყენებას, ნაწილობრივ, გასაიდუმლოებული შეტყობინებებისთვისაც. რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯეისონ ჩაფეცი ადასტურებს, რომ კომიმ წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო კომიტეტს 6 ნოემბერს შეატყობინა კლინტონის ელფოსტაზე გამოძიების ფედერალური ბიუროს ბოლო დასკვნის შესახებ. კლინტონის მეტოქემ, პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ქალაქ დიტროიტში გამართულ საარჩევნო შეხვედრაზე მაინც „დამნაშავე“ უწოდა კლინტონს, რომელსაც ტრამპის აზრით, „მოსყიდული სისტემა“ იცავს. გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა 28 ოქტომბერს შეატყობინა კონგრესს ახალაღმოჩენილ ელექტრონულ წერილებზე, რომლებიც დაკავშირებულია კლინტონის პირად ელფოსტასთან. ამ ცნობამ კიდევ უფრო დაძაბა ისედაც მწვავე დაპირისპირება წინასაარჩევნო კამპანიაში. მომდევნო დღეებში ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მხარდამჭერთა რაოდენობის მხრივ, შემცირდა კლინტონის უპირატესობა. საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდება.

XS
SM
MD
LG