Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი გადადგა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტოვებს ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას. მან 7 ნოემბერს ოდესაში გამართულ ბრიფინგზე გადადგომის მიზეზად დაასახელა უკრაინის პრეზიდენტის მიერ ოდესაში „ორი კლანის მხარდაჭერა“. ოლქს ხელში უგდებენ არა უბრალოდ კორუმპირებულ პირებს, არამედ უკრაინის მტრებსო, განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, მან ასეთ ვითარებაში მიიღო "გადაწყვეტილება გადადგომისა და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყების შესახებ“. „აქ როცა ჩამოვედი, მინდოდა, რომ აქაც ყოფილიყო განვითარების ისეთი ტემპი, როგორიც ბათუმში. მაგრამ კარგად მახსოვს: ბათუმის განვითარება დავიწყეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც თბილისი გავათავისუფლეთ კორუმპირებული ხალხისაგან. და ოდესაც განვითარდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კიევი გათავისუფლდება კორუმპირებულებისაგან, რომლებიც პირდაპირ მფარველობენ ბანდიტობას და განუკითხაობას - ოდესის ოლქშიც“, - განაცხადა სააკაშვილმა. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ის 2015 წლის 30 მაისს დანიშნა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე. სააკაშვილის გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ თანამდებობას ტოვებს ოდესის ოლქის პოლიციის უფროსი, გიორგი ლორთქიფანიძე. ოდესის პოლიციის ვებსაიტზე გამოქვეყნდა მისი მიმართვა, რომელშიც ის ამბობს, რომ საკუთარი ინიციატივით მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, რადგან ფიქრობს, რომ ოდესის პოლიციას „ახალი სისხლი“ სჭირდება. საქართველოში ლორთქიფანიძე რამდენიმე თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

XS
SM
MD
LG