Accessibility links

logo-print

აშშ-ში საპრეზიდენტო კენჭისყრაში მონაწილეთა პირველი ტალღა სარეკორდოდ დიდი იყო


აშშ-ში ოფიციალურად დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნები. იტყობინებიან, რომ წინასწარ კენჭისყრაში სარეკორდო რაოდენობის ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. გამოირჩეოდა ესპანურენოვანი ამომრჩეველი, რომელიც, ჩანს, დემოკრატიულ საპრეზიდენტო კანდიდატს, ჰილარი კლინტონს უნდა უჭერდეს მხარს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით ღამის 12 საათზე გაიხსნა ნიუ-ჰემპშირის შტატის იმ დასახლებებში, სადაც ასზე ნაკლები მოქალაქე ცხოვრობს. ამასთან, ხმის წინასწარ მიცემის უფლებით 7 ნოემბერს ისარგებლა მილიონობით ამომრჩეველმა ფლორიდაში, ნევადასა და კოლორადოში. Associated Press-ის ინფორმაციით, ვადამდელ კენჭისყრაში, 7 ნოემბერს, მონაწილეობა მიიღო სულ მცირე 43 მილიონ 200 ათასმა ამომრჩეველმა. მოელიან, რომ ამ რიცხვს კიდევ 50 მილიონი დაემატება. შესაბამისად, ამერიკელ ამომრჩეველთა დაახლოებით, 40 პროცენტმა უკვე მისცა ხმა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც ოფიციალურად დაიწყო ადგილობრივი დროით, 8 ნოემბრის დილიდან. (თბილისს დროით, 15 საათზე). რეკორდული იყო კენჭისყრაში მონაწილეთა რიცხვი 23 შტატში და კოლუმბიის ოლქში. ვადამდელ კენჭისყრაში ესპანურენოვანი ამომრჩევლის დიდი რაოდენობის შესახებ იტყობინებიან იმ საკვანძო შტატებიდან, სადაც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს, დონალდ ტრამპს გამარჯვება სჭირდება, რათა თეთრ სახლში მოხვდეს. ეს შტატებია: ფლორიდა, ნევადა და კოლორადო. ფლორიდაში წინასწარი ბიულეტენების სარეკორდო რაოდენობა, მოსალოდნელის, სამი მეოთხედი, უკვე გაგზავნილია. Associated Press-ისცნობით, მათი მიხედვით, დემოკრატების კანდიდატი, 39,9 პროცენტით, ოდნავ ასწრებს ტრამპს, რომელსაც 38,5 პროცენტი მიემხრო. ქვეყნის კანონმდებლობით, კენჭისყრის საბოლოო შედეგს განსაზღვრავს 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგია. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობს. ტრადიციულად მთავარი კონკურენტების, დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების კანდიდატების, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის და მილიარდერი ბიზნესმენის, დონალდ ტრამპის გარდა, კენჭს იყრიან ლიბერტარიანული, საკონსტიტუციო და მწვანეთა პარტიების და დამოუკიდებელი კანდიდატები. წინასწარი შედეგები ცნობილი გახდება, 9 ნოემბერს, დილის 8 საათისთვის თბილისის დროით.

XS
SM
MD
LG