Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

როგორ მუშაობს მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა ზუგდიდში


მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტი, რომელიც მიზნად მოქალაქეებისთვის ნაკვეთების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გამარტივებას ისახავს, 1 აგვისტოდან ამოქმედდა. როგორც პროექტის ავტორ იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, სიახლემ დადებითი შედეგი უკვე გამოიღო და რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა.

გადმოწერა

სამინისტროს პოზიციას, ამ მხრივ, იზიარებენ ზუგდიდის გამგეობაში. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს თენგიზ ქობალიას განცხადებით, საჯარო რეესტრის პარალელურად მოქალაქეების მომართვიანობა გაიზარდა გამგეობაშიც. ის მიწის ელექტრონულად რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობის ზრდას სწორედ სახელმწიფო პროექტს უკავშირებს.

„მოსახლეობას რეგისტრაცია რომ გაეკეთებინა, უნდა მიემართა არქივისთვის, რაც თანხებთან იყო დაკავშირებული. მას უნდა გადაეხადა რეგისტრაციის თანხა და ეს ყველაფერი გახდა უფასო. მოსახლეობა გახდა უფრო აქტიური. სამეგრელოს მასშტაბით, ზუგდიდი, ალბათ, უფრო აქტიურია ამ მიმართულებით, მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. კანონის ამოქმედების დღიდან დღემდე ჩვენთან 500 განცხადებაა შემოსული”, - განაცხადა თენგიზ ქობალიამ.

პროექტის მიხედვით, საკუთრების უფლების დადგენის პროცესში მუნიციპალიტეტი ჩართულია, როგორც ადგილზე არსებული ინფორმაციის ყველაზე ეფექტური წყარო. გარდა ამისა, სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებს დაევალათ მოსახლეობის ინფორმირება:

„ინფორმირებულობის პრობლემა არ არის. ამაზე ცალკე ტრენინგი ჩაუტარდათ როგორც სოფლის რწმუნებულებს, ასევე სხვადასხვა სატელევიზიო ეთერით გადიოდა რეკლამები და ვისაც ამ სერვისთან ხელი მიუწვდება, მათთვის ეს ცნობილია. თითქმის 60-70 %-ზე მეტი გაცნობილია ამ კანონს“.

გამგეობის თანამშრომლის პოზიციას მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდასთან დაკავშირებით მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებს რადიო თავისუფლების მიერ ზუგდიდში გამოკითხული რესპონდენტების ნაწილი. მათი თქმით, იციან ის, რომ მიწის რეგისტრაციისას გარკვეული მომსახურება უფასო გახდა, რაც კარგია. ამის მიუხედავად, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ საჯარო რეესტრისთვის ჯერ არ მიუმართავს.

„ნახევარზე მეტი ჯერჯერობით კიდევ არ არის დარეგისტრირებული. კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული, ისევ ისეა დარჩენილი. არ აქვს ხალხს ინფორმაცია. ჰგონიათ, რომ ისევ ისე, კომუნისტებისდროინდელი იმით (დოკუმენტებით) გაიტანს თავს. ახლა ამბობენ, გამარტივდაო, მაგრამ მე პირადად არ ვყოფილვარ. არ ვიცი, რა სიტუაციაა. ვაპირებ მივმართო საჯარო რეესტრს“, - ამბობს ზუგდიდის სოფელ განმუხურში მცხოვრები ხვიჩა მეგრელიშვილი.

მისგან განსხვავებით, საჭირო დოკუმენტაცია უკვე წარადგინა საჯარო რეესტრში ანაკლიაში მცხოვრებმა ნანი მატარაძემ.

ის ამბობს, რომ ანაკლია-განმუხურში, როგორც საკურორტო ზონაში, მიწის რეგისტრაციის საკითხი რამდენიმე წელია მნიშვნელოვანი გახდა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მოქალაქეთა ნაწილს ნაკვეთები სახელმწიფომ ან არასასურველ ფასად, ან დაუკითხავად ჩამოართვა.

„არის სიტუაციები, როცა სხვამ გადაიფორმა მიწები, არის სასამართლო და ერთი ამბავი. ისე, ჩვენ მივმართეთ და არის რაღაც გადასახადები, ოღონდ ფართების მიხედვით“, - ამბობს ნანი მატარაძე.

მისივე განმარტებით, თანასოფლელების ნაწილი ჯერ კიდევ აგრძელებს სასამართლოში ბრძოლას ქონების დასაბრუნებლად. მსგავსი ფაქტი ანაკლიაში მოსახლეობისთვის გარკვეული მოტივაცია გახდა, რომ ქონება დაერეგისტრირებინათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG