Accessibility links

logo-print

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის თითოეული ამერიკელის პრეზიდენტი იქნება


აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად არჩეულმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თითოეული ამერიკელის პრეზიდენტი იქნება. ნიუ-იორკში, რესპუბლიკური პარტიის შტაბ-ბინაში, მხარდამჭერთა წინაშე გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და ქვეყანას მოუწოდა ერთიანობისა და პარტიული უთანხმოების დაძლევისკენ. შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ამერიკელებს დაჰპირდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება და მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გახდება. დონალდ ტრამპის განცხადებითვე, ითანამშრომლებს ყველა ქვეყანასთან, რომელსაც ექნება აშშ-თან თანამშრომლობის სურვილი. 8 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა ამომრჩეველთა 538-წევრიანი კოლეგიისგან მიიღო გამარჯვებისთვის საჭირო 270-ზე მეტი ხმა. ტელეკომპანია "სიენენის" ცნობით, დემოკრატების კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპს დაურეკა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. კლინტონის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა ჯონ პოდესტამ დემოკრატიული პარტიის ნიუ-იორკის ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებს აცნობა, რომ ჰილარი კლინტონი ჯერჯერობით თავს შეიკავებს საჯარო გამოსვლისგან. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად არჩეული, 70 წლის დონალდ ტრამპი მსხვილი ბიზნესმენია. ის სამშენებლო კომპანიის Trump Organization-ის პრეზიდენტი და სათამაშო და სასტუმროს ბიზნესით დაკავებული კომპანიის,Trump Entertainment Resorts-ის დამფუძნებელია.

XS
SM
MD
LG