Accessibility links

რესპუბლიკელებმა შეინარჩუნეს უმრავლესობა კონგრესის ორივე პალატაში


8 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, გაიმართა დამატებითი არჩევნები კონგრესის ორივე პალატაში ვაკანტური ადგილების შესავსებად. კენჭისყრის შედეგად რესპუბლიკურმა პარტიამ შეინარჩუნა უმრავლესობა ორივე პალატაში. სენატში არჩევნებმა რესპუბლიკელებს, მართალია, ორი მანდატი დააკარგვინა, მაგრამ მათ მაინც რჩებათ 54 ადგილი ასიდან. რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს პენსილვანიის, ჩრდილოეთ კაროლინის, ფლორიდისა და ნიუ-ჰემპშირის შტატებში, სადაც დემოკრატიულ პარტიას, ჩვეულებრივ, ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. აშშ-ის სენატი აღჭურვილია უფლებამოსილებით, დაამტკიცოს პრეზიდენტის თითქმის ყველა დანიშვნა, აგრეთვე აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები. მისივე პრეროგატივაა იმპიჩმენტის პროცედურის ჩატარება. წარმომადგენელთა პალატაში, წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკურმა პარტიამ ასევე შეინარჩუნა უმრავლესობა. 435-იდან მას 236 ადგილი აქვს. ახალი მოწვევის კონგრესი მუშაობას შეუდგება 2017 წლის 3 იანვარს.

XS
SM
MD
LG