Accessibility links

ცნობილი გახდა ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვინაობა


ჩერნოგორიის პრეზიდენტმა ფილიპ ვუიანოვიჩმა ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დაასახელა დუშკო მარკოვიჩი, დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელსაც მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირება დაევალა. დუშკო მარკოვიჩი ჩერნოგორიის მმართველი, "სოციალისტების დემოკრატიული პარტიის" თანათავმჯდომარეა და მიმავალი პრემიერ-მინისტრის მილო ჯუკანოვიჩთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირია. 16 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ შეინარჩუნა წამყვანი პოზიციები, თუმცა, კოალიციის შესაქმნელად მას სოციალ-დემოკრატებთან და სხვა მომცრო ეთნიკურ პარტიებთან უწევს საერთო ენის გამონახვა. ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი განაცხადეს თანამშრომლობაზე მილო ჯუკანოვიჩთან, რომელსაც 25 წლიანი მმართველობის განმავლობაში ოპონენტები კორუფციასა და ავტორიტარიზმში დებენ ბრალს. პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელების შემდეგ ჩერნოგორიის პრეზიდენტმა ფილიპ ვუიანოვიჩმა განაცხადა, რომ მარკოვიჩი გააგრძელებს მილო ჯუკანოვიჩის მიერ აღებულ, პროდასავლურ პოლიტიკურ კურსს.

XS
SM
MD
LG