Accessibility links

logo-print

ტრამპი: საპროტესტო გამოსვლები მედიამ წაახალისა


აშშ-ში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, ხოლო თავად ტრამპი ამბობს, რომ აქციების მონაწილეები არიან „პროფესიონალები“, რომლებსაც აქციების გამართვისკენ მედიამ უბიძგა. ძირითადად მშვიდობიანი საპროტესტო აქციები გაიმართა ვაშინგტონში, ბალტიმორში, ფილადელფიაში, ნიუ-იორკში, ლოს ანჯელესში, სან ფრანცისკოში, ოკლენდში და პორტლენდში, არის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტების შემთხვევებიც. მინეაპოლისში ათობით დემონსტრანტი ავტომაგისტრალისკენ დაიძრა და სულ მცირე ერთი საათით შეაჩერა სამანქანო მოძრაობა, ბალტიმორის ცენტრში 600-მდე ადამიანი შეიკრიბა, ზოგმა მჯდომარე აქცია გამართა ქუჩაში და შეაფერხა მოძრაობა. პოლიციის ცნობით ორი პირი დააკავეს. დენვერში 3000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციაში. ერთი დღით ადრე ხუთი ადამიანი დააკავეს დასავლეთ კენტუკის უნივერსიტეტში. სან-ფრანცისკოში 1000-ზე მეტმა სტუდენტმა მთელი ქალაქის მასშტაბით მოაწყო საპროტესტო აქცია - მათ დემონსტრაციულად დატოვეს სასწავლო პროცესი. კალიფორნიაში მიმდინარე აქციების ბევრი მონაწილე გამოდის აშშ-სგან გამოყოფის ინიციატივით - ისინი აცხადებენ, რომ შტატის ეკონომიკის მოცულობა და მოსახლეობის რაოდენობა უკვე აჭარბებს ბევრი დამოუკიდებელი ქვეყნისას. ტრამპმა ყოველივე ამას ტვიტერით უპასუხა - დაწერა ფრაზა „ძალიან უსამართლოა“.

XS
SM
MD
LG