Accessibility links

ბარაკ ობამამ თეთრ სახლში უმასპინძლა დონალდ ტრამპს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ თეთრ სახლში უმასპინძლა თავის მემკვიდრეს, დონალდ ტრამპს. ეს შეხვედრა პირველი საჯარო ნაბიჯი იყო ძალაუფლების გადაცემის პროცესში, მას შემდეგ რაც ტრამპმა ბევრისთვის მოულოდნელად გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა, მიუხედავად ამ შეხვედრის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, ტრამპმა უარი განაცხადა, დაეცვა ხანგრძლივი ტრადიცია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ახალი ლიდერის მიმართ საზოგადოების ყურადღებიანი მზერის დადასტურებას. მან ნება არ დართო ჟურნალისტებს, მასთან ერთად ჩასულიყვნენ ვაშინგტონში და გაეშუქებინათ პრეზიდენტ ობამასთან და კონგრესის ლიდერებთან მისი ისტორიული, პირველი შეხვედრები. შეხვედრის შემდეგ ობამამ თქვა, რომ მან და ტრამპმა საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხთა „ფართო სპექტრზე“ ილაპარაკეს და რომ ის „დაიმედებულია“ საუბრის „შესანიშნავი“ ხარისხით. ობამამ დასძინა, რომ გამოწვევებთან გასამკლავებლად მნიშვნელოვანია ერთიანობა. ტრამპის თქმით, შეხვედრა დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა და საუბარი შეეხო „ბევრ სიტუაციას, ზოგიერთი სირთულის ჩათვლით“. ტრამპმა შეხვედრას უწოდა „დიდი პატივი“ და განაცხადა, რომ ობამასთან სხვა შეხვედრებსაც მოუთმენლად ელოდება.

XS
SM
MD
LG