Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინმა გამოსცა განკარგულება სომხეთთან გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას, სომხეთის რესპუბლიკასთან გაფორმდეს შეთანხმება გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის თაობაზე. პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაავალა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სომხეთთან აწარმოოს მოლაპარაკება და მისი დასრულების შემდეგ, რუსეთის სახელით მოაწეროს ხელი შესაბამის დოკუმენტს. სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, რუსეთი და სომხეთი გეგმავენ კოლექტიური უსაფრთხოების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება სახმელეთო საზღვრების დაცვა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტით, გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურს რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალთან შეთანხმებით დანიშნავს და გაათავისუფლებს სომხეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. ამავე შეთანხმების პროექტით, გაერთიანებული დაჯგუფების მეთაური მშვდობიან პერიოდში ემორჩილება სომხეთის გენერალური შტაბის უფროსს, ხოლო აგრესიის უშუალო საფრთხის და სამხედრო მოქმედებების დროს, მხარეთა შეთანხმებით ექვემდებარება რუსეთის ფედერაციის სამხრეთ, სამხედრო ოლქის მეთაურს, ან გენერალური შტაბის ხელმძღვანელს.

XS
SM
MD
LG