Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრომოსკოველმა კანდიდატმა გაიმარჯვა


ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი გადადგომას აპირებს მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა პრორუსული კურსის მომხრე სოციალისტური პარტიის კანდიდატმა, რუმენ რადევმა. ბორისოვმა, რომელიც მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის, „გერბის“ წარმომადგენელია, 13 ნოემბერს უთხრა ჟურნალისტებს, რომ 14 ან 15 ნოემბერს შეიტანს ოფიციალურ განცხადებას გადადგომის შესახებ, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების შედეგმა მკაფიოდ აჩვენა, რომ მმართველ ძალას აღარა აქვს უმრავლესობა. ბულგარეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 14 ნოემბერს გამოაცხადა, რომ რუმენ რადევს ერგო ხმების 59,4%, ხოლო მის მეტოქეს, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის წარმომადგენელს, პარლამენტის თავმჯდომარე ცეცკა ცაჩევას 36%-მდე. ბორისოვის გადადგომას, სავარაუდოდ, ვადამდელი არჩევნები მოჰყვება და, შესაძლოა, მორიგი კრიზისი ქვეყანაში, რომელმაც ორი წლის წინ მძიმე პოლიტიკური დაპირისპირება გადაიტანა. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული რუმენ რადევი ყოფილი გენერალია და არასოდეს ყოფილა არჩეული რომელიმე პოლიტიკური თანამდებობაზე. ვარაუდობენ, რომ არჩევნების შედეგად ბულგარეთი რუსეთს დაუახლოვდება. რადევს გამოთქმული აქვს უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების მიმართ. ბულგარეთი ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანაა.

XS
SM
MD
LG