Accessibility links

საქართველოს საელჩომ რეაგირება მოახდინა თურქეთის გაზეთში აფხაზეთის შესახებ პუბლიკაციაზე


თურქეთში საქართველოს ელჩის, ირაკლი კოპლატაძის, ინფორმაციით, თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა შესაძლოა საპროტესტო აქციები გამართონ გაზეთ „საბაჰის“ მიერ აფხაზეთისადმი მიძღვნილი დანართის გამოქვეყნების გამო. ცნობების თანახმად, აფხაზეთზე საუბარია, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოზე. თურქეთში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლობის უფროსი, ინარ გიცბა „ფეისბუკში“ წერს, რომ 10 ნოემბერს 36 ათასიანი ტირაჟით გამოიცა გაზეთის სპეციალური ნომერი, „საბაჰ აფხაზია“ თურქულ ენაზე. ხოლო საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ 14 ნოემბერს გავრცელებულ ცნობაში იუწყება, რომ საქართველოს ელჩ ირაკლი კოპლატაძის განცხადებით, საელჩომ შესაბამისი რეაგირება მოახდინა და ფაქტის გამო „შეწუხებულია“ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოს ელჩის ინფორმაციით,აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების დაკვეთით, მაღალტირაჟიან გაზეთ ”საბაჰთან” ერთად რამდენიმე რეგიონში უფასოდ დარიგდა აფხაზეთის შესახებ დანართი.

XS
SM
MD
LG