Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება ნატო-საქართველოს სწავლების გამო


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა სპეციალური განცხადება ნატო-საქართველოს სწავლების გამო, რომელიც 10 ნოემბრიდან მიმდინარეობს ვაზიანის მექანიზირებულ ბრიგადაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ წელს საქართველოს ტერიტორიაზე უკვე მესამედ ტარდება მსგავსი მრავალეროვანი სწავლება. „გეგმაზომიერად იზრდება ნატოს სტანდარტების შესაბამისად საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული მომზადების მასშტაბი და ინტენსივობა, ნატოს სამეთაურო-საშტაბო სტრუქტურების აქტიური ჩართულობით“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 15 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსეთი მსგავს აქტივობაში ხედავს სერიოზულ საფრთხეს მსოფლიოს და რეგიონის სტაბილურობისთვის. „თავისი შეშფოთება არაერთხელ გამოთქვეს საქართველოს სხვა მეზობლებმაც, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა. ყველას გვახსოვს, რომ ბუქარესტის სამიტზე მიცემულმა დაპირებამ ნატოს წევრობის შესახებ, თბილისს 2008 წლის აგვისტოში უბიძგა დანაშაულებრივი თავდასხმისკენ რუს მშვიდობისმყოფელებსა და ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობაზე“ - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, ნატოში არ მალავენ, რომ თბილისთან ამჟამინდელი სამხედრო პარტნიორობა განიხილება რუსეთის შეკავების პოლიტიკის ნაწილად, ხოლო როლი, რომლის შესრულებასაც საქართველო თავის თავზე იღებს, ართულებს რუსულ-ქართული ურთიერთობის გაჯანსაღების დადებით პროცესს.

XS
SM
MD
LG