Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯოვანი ვეფხვაძე - თბილისელი კანალეტო


ჯოვანი ვეფხვაძის ავტოპორტრეტი
ჯოვანი ვეფხვაძის ავტოპორტრეტი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი მასპინძლობს ცნობილი თბილისელი მხატვრის, ჯოვანი ვეფხვაძის, ნამუშევრების გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილია მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი ფერწერული ნამუშევრები - პორტრეტები, პეიზაჟები, ისტორიული სიუჟეტები, თბილისისა და იტალიის ქალაქების სერია. მხატვარი რამდენიმე თვის წინ, 2016 წლის 3 მაისს, გულის შეტევით გარდაიცვალა. ჯოვანი ვეფხვაძე წარმოადგენდა ვეფხვაძეების მხატვართა დინასტიის მესამე თაობას, რომლის შემოქმედება და ცხოვრება გაჯერებული იყო ძველი თბლისისა და იტალიის სიყვარულით.

ჯოვანი ვეფხვაძე - თბილისელი კანალეტო
please wait

No media source currently available

0:00 0:10:37 0:00
გადმოწერა

ჯოვანი ვეფხვაძე, თბილისის სამხატვრო აკადემიისა და საკავშირო სამხატვრო აკადემიის შემოქმედებითი სახელოსნოს 70-იანელთა თაობის სახელოვანი წარმომადგენელი, მთელი ცხოვრება ხატავდა თბილისს - მის ხედებს, უბნებს, სახელოსნოებსა და ეზოებს. „ძველი ავლაბრის ხიდი“, „მთელი თბილისი“, „აბას-აბადის მოედანი“, „ტფილისური მელოდია“, „მეტეხის ხიდი“ - ეს არის იმ ფერწერული ტილოების არასრული ჩამონათვალი, რომლებზეც გამქრალი, მხოლოდ ძველ ფოტოებსა და ხანდაზმულ თბილისელთა მეხსიერებაში შემორჩენილი ქალაქი და მისი სულია გამოსახული. ამასთან, როგორც მხატვრის კოლეგა და მეგობარი, გივი თოიძე, ამბობს, ჯოვანი ვეფხვაძემ ბოლომდე უერთგულა რეალიზმს, რომლის სიყვარული ასევე სახელოვანი წინაპრებისგან - პაპის, სახალხო მხატვრის ივანე ვეფხვაძისა, და მამის, ალექსი ვეფხვაძისაგან გამოჰყვა:

„რეალისტი, სუპერ-რეალისტი მხატვარი იყო! სინამდვილეს ემსახურებოდა და ეს აჰყავდა უმაღლეს დონეზე. ტყუილად არ ვახსენე ნატურმორტები და ჰოლანდიელები. რამდენიმე ნამუშევარია ისეთი, რომელსაც ნებისმიერ მუზეუმს დაამშვენებდა. უდიდესი სიყვარულით აქვს ყველაფერი გაკეთებული. ეს ნატურმორტი ნახეთ, ნამდვილი ზღაპარია! ამას უნდა დიდი ცოდნა, ოსტატობა! ნახეთ, როგორია, ხელს წაავლებ. მისი შვილიც აგრძელებს ამ ტრადიციას“.

შვილი, ბრუნო ვეფხვაძე, ასევე რეალისტი მხატვარია, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, მუშაობს განსხვავებულ თემებზე, ჯოვანის წარმოსახვით სამყაროს კი სრულად ავსებდა თბილისი და ძველი ქალაქის ყოფასთან დაკავშირებული ნივთები, რომლებსაც, როგორც ბრუნო ვეფხვაძე ამბობს, თან აგროვებდა და თან ხატავდა:

ბრუნო ვეფხვაძე
ბრუნო ვეფხვაძე

„ამ ნივთების ნაწილი არის ოჯახური რელიკვია. ასეთია, მაგალითად, წითელი პატეფონი, რომელსაც ვხედავთ ნატურმორტსა და აფიშაზე. ეს არის ოჯახური რელიკვია, რომელიც ჯერ კიდევ ჩემმა დიდმა ბაბუამ მიიღო სახელმწიფოსგან ჯილდოს სახით. ივანე ვეფხვაძე იყო საქართველოს სახალხო მხატვარი. ასევე საკერავი მანქანა და სხვა ნივთები ოჯახიდან, მაგრამ ჯოვანი ასევე ძალიან იყო გატაცებული ძველი მუსიკალური ინსტრუმენტების შეგროვებით. ხშირად ხუმრობდა კიდეც, სახლში მაქვს ორკესტრის სამყოფი ინსტრუმენტებიო. „მშრალ ხიდზეც“ ყიდულობდა, ძალიან უყვარდა იქ გავლა, ყოველი შაბათი-კვირა იქ იყო. მოკლედ, ასე შეგროვდა ეს საყოფაცხოვრებო ნივთები და მუსიკალური ინსტრუმენტები“.

მათ შორის „დაირა, თარი, დუდუკი“, რომელთა კრებული ნახატად იქცა და ახლა დამთვალიერებელთა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, ისევე როგორც ბრუნო ვეფხვაძის მიერ ნახსენები დიდი პაპის დანატოვარი „წითელი პატეფონი“, ასევე „საბანი და საკერავი მანქანა“ - ყველა ეს ნივთი მხატვრის სახლში აქვს ნანახი მწერალ ზაზა აბზიანიძეს, რომელსაც ჯოვანი ვეფხვაძესთან ოცდაათწლიანი მეგობრობა აკავშირებდა.

„მან არ უღალატა რეალიზმს, მან არ უღალატა იმ ოჯახურ ტრადიციას, რომელიც იყო სპეციფიკურად თბილისური, რომელიც რამდენიმე კულტურას აერთიანებდა, სინკრეტული ფენომენი იყო და თითოეულს ამ კულტურათაგან მის ხასიათსა და პალიტრაში შეჰქონდა რაღაც განუმეორებელი შტრიხი. ეს ერთგვარი მისი თაობისა და მისი დროის ვიზუალიზაციაა, მისი ხატია. ძალიან ზუსტი და ძალიან თბილი. ის მთლიანად განასახიერებდა, როგორც ნატურა და როგორც მხატვარი, რასაც დღეს ჩვენ ვეძახით მსოფლიოს მოქალაქეს. ის, რაღა თქმა უნდა, ქართველი მხატვარია და განსაკუთრებულ ყურაღებას იპყრობს, მაგრამ, ამავე დროს, მთელ მის შემოქმედებაში რაღაც ციტატებად, ალუზიებად ყოველთვის იცნობა იმ მსოფლიო კულტურის ნიშნულები, რომლებზეც ის გაიზარდა“, უთხრა რადიო თავისუფლებას ზაზა აბზიანიძემ, რომლის ნათქვამის დასტურად გამოდგება ჯოვანი ვეფხვაძის როგორც პოლიგლოტობა, ასევე განსაკუთრებული სიყვარული იტალიური ენისა და კულტურისადმი. მხატვრის შვილის, ბრუნო ვეფხვაძის თქმით, სახელი ჯოვანი მხატვარს სწორედ უსაზღვრო იტალოფილობის გამო დაარქვეს.

ჯოვანი ვეფხვაძე
ჯოვანი ვეფხვაძე

„ოფიციალურად ჰქვია ივანე. ჯოვანი - ეს სახელი დაარქვეს სამხატვრო აკადემიაში. იტალიის სიყვარული ჰქონდა, მუსიკის, სიმღერების, ზოგადად ხელოვნების, რომლის დიდი თაყვანისმცემელი იყო. ახალგაზრდობის პერიოდში მუშაობდა კინოთეატრ „გაზაფხულში“, სადაც სინქრონულად თარგმნიდა იტალიურ ფილმებს. მაშინ შემოჰქონდათ საუკეთესო ფილმები: პაზოლინის, ფელინის და სხვების. მერე ხშირად დადიოდა იტალიაში, განსაკუთრებით 80-90-იან წლებში, იტალიაში ასევე აქვს მიღებული დიპლომი მეღვინეობაში. ასე რომ, მჭიდრო კავშირი ჰქონდა იტალიასთან. იტალიის სიყვარულის გამო თავის შვილებსაც დაარქვა იტალიური სახელები: მე ბრუნო მქვია, ჩემ დას - დომენიკა“, უთხრა ბრუნო ვეფხვაძემ რადიო თავისუფლებას.

ჯოვანი ვეფხვაძე ასევე გამოირჩეოდა იუმორით. ერთხელ, სიყმაწვილეში, როცა კინოთეატრ „გაზაფხულში“ ერთ-ერთი იტალიური ფილმის სინქრონულ თარგმანს აკეთებდა, მასთან ჯიხურში შევარდა გახარებული კინომექანიკოსი, რომელმაც სთხოვა გამოეცხადებინა დარბაზისთვის, რომ თბილისის დინამომ სამით ერთი დაამარცხა კიევის დინამო. ჯოვანი ვეფხვაძემ ეს ინფორმაცია ისე ჩართო ფილმის ტექსტში, რომ არავინ გაღიზიანებულა, პირიქით, ბევრი იცინეს და იხალისეს. ჯოვანი ფეხვაძის არტისტული ხასიათი და იუმორი ჩანს მის ზოგიერთ ნამუშევარშიც. „ჯოვანი ფაშა“ - ასე ჰქვია ავტოპორტრეტს, რომელშიც მხატვარი აზიურადაა შემოსილი. 2008 წელს არის შესრულებული მეგობრული შარჟი „სახინკლე“ (ქართველი მხატვრები), რომლის შესახებაც მხატვართა კავშირის თავმჯდომარე ცისანა მჭედლიძე გვესაუბრება:

„საინტერესო ნამუშევარია. აქ არის ქართველი მხატვრების პორტრეტები - რეალური მხატვრების, ვინც დღეს მოღვაწეობენ... უმეტესობა ცოცხალია, მაგრამ არიან გარდაცვლილებიც, მაგალითად, თენგიზ მირზაშვილი, „ჩუბჩიკა“ - აი, ეს არის, მისი პორტრეტია. ეს ნახატი დავბეჭდეთ წიგნში, რომელიც საიუბილეოდ გამოუშვა საქართველოს მხატვართა კავშირმა“.

"სახინკლე"
"სახინკლე"

„სახინკლეში“ სულ გამოსახულია 28 თანამედროვე მხატვარი, რომლებიც ლუდსა და ხინკალს მიირთმევენ. ლიკა მამაცაშვილი, თბილისის ისტორიის მუზეუმის გამოფენების კურატორი, ამბობს, რომ ჯოვანი ვეფხვაძე - თავისი ოსტატობით, ინტელექტით, არტისტიზმითა და იუმორით - უთუოდ გამორჩეული იყო თანამედროვე ქართველ მხატვრებს შორის:

„არაჩვეულებრივი იუმორი ჰქონდა, საოცარი მთხრობელი იყო. ყოველთვის გვიყვარდა მისი მოსვლა მუზეუმში. გვიყვებოდა არაჩვეულებრივ ამბებს, ისტორიებს და ძალიან გვახალისებდა. ნამდვილად დაგვაკლდა ყველას ჯოვანი ვეფხვაძე“.

თუმცა მისი ეს ისტორიები დარჩა მხატვრის მიერ დაწერილ ორ წიგნში: „მხატვრის ჩანაწერები“ და „ჯოვანი მოგვითხრობს“ და კიდევ, რაც მთავარია, დარჩა თბილისელების მეხსიერებაში. მხატვარს უყვარდა ურთიერთობა როგორც მეგობრებთან, ასევე უცხო ადამიანებთან. ქუჩაში მასთან გამოლაპარაკება არ იყო რთული საქმე. 2012 წელს, როცა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხზე რადიოსთვის სიუჟეტს ვაკეთებდი, ჯოვანი ვეფხვაძეს რუსთაველის გამზირზე გამოველაპარაკე.

ჯოვანი ვეფხვაძის ხმის ჩანაწერი: „საერთოდ მეტროპოლიას არ უყვარს, როცა მისი კოლონია მისგან მიდის. ვინაიდან საქართველოს არ უნდა რუსეთთან ყოფნა, რუსეთს სწყინს. ასე იყო ყოველთვის - მაშინაც, როცა სპარსეთი გვმტრობდა, რუსეთისკენ რომ ავიღეთ გეზი. ახლა რუსეთს არ უნდა, რომ ვიმეგობროთ ამერიკასთან და ვიყოთ მის გარეშე. ისე, სხვანაირი პოლიტიკოსები რომ ყოფილიყნენ ჩვენი და მათი მხრიდან, შესაძლოა, უფრო რბილი სიტუაცია ყოფილიყო, მაგრამ მტრობა მაინც იქნებოდა, თუმცა, შესაძლოა, არა ისეთი, როგორიც დღეს არის“.

თუმცა ჯოვანი ვეფხვაძე, როგორც მისი კოლეგები და მეგობრები ამბობენ, ხელოვნებისა და სიყვარულის კაცი იყო. შვილიც, მხატვარი ბრუნო ვეფხვაძე, შენიშნავს, რომ ჯოვანი ვეფხვაძე თავდავიწყებით იყო შეყვარებული თბილისზე, რომელზეც ზრუნავდა და რომლის ცვლილებასაც მტკივნეულად განიცდიდა:

„ამბობდა ხოლმე, თბილისის სახე ისე იკარგება, რომ მეშინია სულ არ გაქრეს ეს ძველი თბილისიო. თუ ასე მოხდა, თბილისის რეინკარნაცია დაიწყება ჩემი ნახატებიდან, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს დანგრეული კრაკოვის აღდგენა დაიწყო ჯოვანი კანალეტოს ფერწერული ტილოების მიხედვით“.

ძველი თბილისის წარმავალ სილამაზეზე, მისი ხედების გაქრობაზე წუხდა ჯოვანი ვეფხვაძე 2015 წლის მარტშიც - ძველი თბილისის მხატვრების გამოფენაზე, რომელიც ქარვასლაში - თბილისის ისტორიის მუზეუმში - გაიმართა. ზუსტად ერთი წლის თავზე, 2016 წლის 3 მაისს, მხატვარი გარდაიცვალა გულის შეტევით ქუჩაში, როცა მეუღლესთან ერთად შინ ბრუნდებოდა. რადიო თავისუფლების არქივში შემონახულია ჯოვანი ვეფხვაძის საუბრის ჩანაწერი:

„სულ ვხატავ და ბევრი სურათი მაქვს ქალაქის ხედებით, მაგრამ უკვე მიჭირს, უკვე მიწევს მოგონება ძველი თბილისისა... ვიცი რაღაც ილეთები, როგორ გავაკეთო... მჭირდება ყოველ ჯერზე განსაკუთრებული ძალისხმევა, მეხსიერების დაძაბვა, მაგრამ გავა ათი-ოცი წელი, ეს ძველი სახლები დაინგრევა და ძველი თბილისი დარჩება მხოლოდ ფოტოებზე, სურათებსა და მოგონებებში. ის ხალხი, ვისაც ახსოვს ძველი თბილისი, მიდის, არავინ რჩება, მე კიდევ მახსოვს ბაბუაჩემის მოყოლილი ამბები, ბებიის, მამის, მაგრამ მეც ცოტა დამრჩა... მე ვარ ჯოვანი ვეფხვაძე, მხატვარი“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG