Accessibility links

ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში დაბომბვების შედეგად ყველა საავადმყოფო განადგურებულია


სირიის ქალაქ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, დაბომბვების შედეგად ყველა საავადმყოფო განადგურებულია. როგორც მეამბოხეთა ხელმძღვანელობა იტყობინება, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის არმია და რუსეთის ჯარები ალეპოზე იერიშებს ახორციელებენ ყველა სახის იარაღის გამოყენებით. ამის შედეგად „მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის, ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებულებს“, საშუალება არა აქვთ, მიიღონ სამედიცინო დახმარება. ჯანდაცვის საკითხებში ქალაქის უწყებამ მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდა, ჩაერიონ საქმეში და „ბოლო მოუღონ ალეპოში სამხედრო დანაშაულებებს“. სხვადასხვა წყაროს თანახმად, სამშაბათიდან მოკიდებული, ალეპოს ალყაშემორტყმულ რაიონებზე საარტილერიო დარტყმებსა და საავიაციო იერიშებს ახორციელებენ. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, სამთავრობო ჯარების იერიშები „ტერორისტების“ წინააღმდეგ არის მიმართული. რუსეთის მხარე აცხადებს, რომ მისი ავიაცია არ ბომბავს სირიაში საცხოვრებელ კვარტლებსა და სამოქალაქო ობიექტებს, და მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილში ბრალს სდებს ოპოზიციის შეიარაღებულ ფორმირებებსა და მათთან დაახლოებულ ისლამისტებს. საერთაშორისო უფლებადამცველებმა არაერთხელ დასდეს ბრალი ასადსა და რუსეთს ალეპოში მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილში. ისინი აცხადებდნენ, რომ ქალაქის საცხოვრებელ კვარტლებზე მასირებული დარტყმები სამხედრო დანაშაულებებად შეიძლება იქნეს მიჩნეული.

XS
SM
MD
LG