Accessibility links

logo-print

კრემლი გამართლებულად მიიჩნევს კალინინგრადში სამხედრო ძალების გაზრდას


კრემლი გამართლებულად მიიჩნევს კალინინგრადში რუსეთის სამხედრო ძალების გაზრდას და მიზეზად ასახელებს მისი საზღვრებისაკენ ნატოს გაფართოებას. ამ საკითხზე განცხადება გააკეთა კრემლის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა: „რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რაც აუცილებელია საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მისი საზღვრებისაკენ ნატოს გაფართოების ფონზე. ნატო მართლაც აგრესიული ბლოკია. მოცემულ შემთხვევაში, რუსეთს აქვს ყველა სუვერენული უფლება, მიმართოს აუცილებელ ზომებს რუსეთის ფედერაციის მთელს ტერიტორიაზე“, - განაცხადა პესკოვმა მოსკოვში, სატელევიზიო ინტერვიუს დროს. პესკოვის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი პარლამენტარის, ვიქტორ ოზეროვის თქმით, კალინინგრადში განთავსდება S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემა და "ისკანდერის" ტიპის რაკეტები. კალინინგრადი ნატოს წევრ ქვეყნებს, ლიტვასა და პოლონეთს ესაზღვრება, რის გამოც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „ევროპის უსაფრთხოების მადესტაბილიზებელ“ ნაბიჯად მიიჩნევს "ისკანდერის" რაკეტებისა და ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას. ადრე მოსკოვს ნათქვამი აქვს, რომ მორიგ წვრთნებთან დაკავშირებით აგზავნის "ისკანდერებს" კალინინგრადში.

XS
SM
MD
LG