Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის შემადგენლობის შეხვედრამ უმცირესობასთან ცხარე კამათის ფონზე ჩაიარა


ცხარე კამათისა და ურთიერთბრალდებების ფონზე ჩაიარა მთავრობის წარდგენილი შემადგენლობის შეხვედრამ საპარლამენტო უმცირესობასთან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მთავრობის მომავალ წევრებს მართვის უუნარობაში დასდეს ბრალი და უწოდეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამტარებელი. „თბილისში აკრედიტებული ელჩები ამბობენ, რომ თქვენ ხართ სასიამოვნო მოსაუბრე, გაქვთ კარგი მანერები, მაგრამ ვერაფერს ვერ წყვეტთ. და რომ პოლიტიკურად თქვენი წონა ნულის ტოლია“, - ასე მიმართა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი კვირიკაშვილს. თავდაცვის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას", მათი მმართველობის დროს, თავდაცვის ბიუჯეტიდან გამქრალი მილიონებისათვის დასდო ბრალი. „თქვენი ხელისუფლების პირობებში,2005-2008 წლებში 32 მილიონი დოლარი გაქრა. კერძოდ სამხედრო ტექნიკის შესაძენად გათვალისწინებული. ასევე 8 მილიონი ევრო დაიკარგა სწორედ 2012 წელს სატანკო ნაწილების შესაძენად და ეს საქმეები პროკურატურაშია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე დასმულ კითხვებზე განაცხადა. საქართველოს პარლამენტში გრძელდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა. მინისტრთა კაბინეტის წარდგენილი შემადგენლობა დღეს მოგვიანებით შეხვდება საპარლამენტო უმრავლესობას. საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და მის პროგრამას, სახელწოდებით: „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა.“ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 24 ნოემბერს გამოსცა განკარგულება, რომლითაც 26 ნოემბერს დანიშნა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა.

XS
SM
MD
LG