Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ფიდელ კასტრო


90 წლის ასაკში გარდაიცვალა ფიდელ კასტრო, კუბის რევოლუციის ლიდერი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მართავდა კუნძულოვან სახელმწიფოს კარიბის ზღვის აუზში. ფიდელ კასტროს გარდაცვალების ცნობა სახელმწიფო ტელევიზიით კუბის პრეზიდენტმა რაულ კასტრომ ამცნო მოსახლეობას. “კუბის რევოლუციის უმაღლესი მთავარსარდალი 22:29 წუთზე გარდაიცვალა. ისევ წინ, გამარჯვებისაკენ“, - განაცხადა 25 ნოემბერს რაულ კასტრომ, რომელსაც ყოფილი ლიდერის სიკვდილის გამომწვევ მიზეზებზე არაფერი უთქვას. ფიდელ კასტრო კუბას 47 წლის განმავლობაში მართავდა. კუბის რევოლუციის ლიდერი თანამდებობიდან გადადგა 2006 წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც ფიდელ კასტროს კუჭის სერიოზული დაავადება აღმოაჩნდა. 2008 წელს ფიდელ კასტრომ ძალაუფლება ოფიციალურად გადააბარა მის ძმას, რაულ კასტროს. სულ ბოლოს ფიდელ კასტრო საჯარო შეხვედრაზე გამოჩნდა მიმდინარე წლის აპრილში, კუბის კომუნისტური პარტიის კონგრესის ბოლო დღეს. „მალე მეც სხვების ბედს გავიზიარებ. აღსასრული ყველა ჩვენგანს ელოდება, მაგრამ კუბის რევოლუციის იდეა იარსებებს, როგორც დასტური იმისა, რომ ამ პლანეტაზე თავდაუზოგავი და ღირსეული შრომით, შესაძლებელია მატერიალური და კულტურული დოვლათის შექმნა, რაც კაცობრიობას სჭირდება და რისთვის ბრძოლასაც არასოდეს არ უნდა ეთქვას უარი“, - განაცხადა მაშინ ფიდელ კასტრომ. მისი მმართველობის დროს კუბასა და აშშ-ს შორის შეწყვეტილი იყო დიპლომატიური ურთიერთობა, ხოლო კუბის მიმართ ვაშინგტონს დაწესებული ჰქონდა ეკონომიკური სანქციები. მაგრამ მას შემდეგ, რაც კუბის პრეზიდენტი გახდა, რაულ კასტრო 2014 წლის დეკემბერში დათანხმდა აშშ-თან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. ფიდელ კასტროს ცხედარს, მისი ანდერძის თანახმად, 26 ნოემბერს კრემაციას ჩაუტარებენ. კუბაში კი 9 დღის განმავლობაში გაგრძელდება გლოვა, რაც 4 დეკემბერს დასრულდება ფიდელ კასტროს დაკრძალვით.

XS
SM
MD
LG