Accessibility links

იანუკოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინას დასავლეთი იყენებს რუსეთის წინააღმდეგ


დასავლეთის ქვეყნები უკრაინის ტერიტორიას იყენებენ იმისათვის, რათა ზემოქმედება მოახდინონ რუსეთზე, განაცხადა დონის როსტოვში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელიც რადიო თავისუფლების კორესპონდენტს პასუხობდა. იანუკოვიჩის თქმით, უკრაინის უბლოკო სტატუსი, რომელიც 2014 წლის დეკემბერში გაუქმდა, ევროპის სტაბილურობის ფაქტორს წარმოადგენდა. პრესკონფერენციამდე იანუკოვიჩი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება, ვიდეოდაკითხვაში რუსეთის ქალაქ დონის როსტოვიდან სკაიპის საშულებით ღებულობდა მონაწილეობას. თუმცა სასამართლო პროცესი 28 ნოემბრამდე გადაიდო მას შემდეგ, რაც უკრაინის ულტრანაციონალისტური მოძრაობა „მემარჯვენე სექტორის“ წევრებმა ალყა შემოარტყეს სასმართლო შენობას, სადაც დაკითხვაზე დემონსტრანტების მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელები ჰყავდათ მიყვანილი. პოლიციის ხუთ ყოფილ თანამშრომელს ბრალი ედებათ 2014 წლის თებერვლის ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეთა მისამართით სასიკვდილო ცეცხლის გახსნაში. კიევის ქუჩებში შეტაკებებისა და სროლის შედეგად სულ მცირე 100 დემონსტრანტი დაიღუპა, მათგან 48 კაცი გამიზნულად, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმ „ბერკუტის“ სნაიპერების ცეცხლის შედეგად. გამოძიების თანახმად, ცეცხლის გახსნის ბრძანება უშუალოდ ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გასცა.

XS
SM
MD
LG